რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის თავდაცვა: რუსეთის შავი ზღვის შტაბის დაბომბვისას ფლოტის მეთაური სოკოლოვი მოკვდა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური ოპერაციების სამსახურის (ССО) ინფორმაციით 22 სექტემბერს, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი მოკვდა.

ССО-ს განცხადებით დაბომბვის შედეგად 34 ოფიცერი დაიღუპა და დაიჭრა 100-ზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. 

როგორც სპეცდანიშნულების რაზმი წერს, მათ მიერ კოორდინირებული დარტყმა დროული და ზუსტი იყო, რადგან ამ მომენტში შტაბში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურობის სხდომა იმართებოდა.

22 სექტემბერს ოკუპირებულ ყირიმზე, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უკრაინელებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს. რუსული მედია წერდა, რომ შემთხვევის ადგილის მიმართულებით სასწრაფო დახმარების მანქანების დიდი რაოდენობა მიდიოდა. რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედიაში ირწმუნებიან, რომ მათმა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, თუმცა შენობა მათმა ნამსხვრევებმა დააზიანა.

ვიქტორ სოკოლოვი შავი ზღვის ფლოტის მეთაურად 2022 წლის 10 აგვისტოს დაინიშნა. მისი წინამორბედი იგორ ოსიპოვი კრეისერ მოსკვას ჩაძირვის შემდეგ რამდენიმე თვეში გაათავისუფლეს.

რუსულ მხარეს დაშავებულთა და დაღუპულთა რიცხვი ამ დრომდე ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.

კომენტარები