სომხეთი-აზერბაიჯანი

სომხეთი აზერბაიჯანს სიუნაკის აეროპორტთან მომხდარი ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს

ნიკოლ ფაშინიანი სიუნაკის აეროპორტში ვიზიტის დროს (17 აგვისტო)

სომხეთის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 18 აგვისტოს გამთენიისას ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე სიუნიკის აეროპორტს სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტიდან რამდენიმე საათში აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური განცხადების თანახმად, სამი გასროლის შემდეგ ავტომობილმა ტერიტორია დატოვა. ინციდენტის შედეგად აეროპორტის ერთ-ერთი ფანჯარა და სახურავი დაზიანდა.

სომხეთის უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანულ მხარეს მომხდარის სასწრაფო გამოძიებისკენ და მომავალში მსგავსი ინციდენტების გამორიცხვისკენ მოუწოდებს. აზერბაიჯანს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

17 აგვისტოს ერევანი-კაპანის ავიარეისით სომხეთის პრემიერმა, ნიკოლ ფაშინიანმა სიუნიკის აეროპორტი მოინახულა. ახალგარემონტებული აეროპორტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირიდან რეგულარულ სამგზავრო შიდა ფრენებს მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ აეროპორტის ასაფრენი ბილიკი აზერბაიჯანის საზღვრიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს.

კომენტარები