ერაყი-შვედეთი

ერაყმა შვედეთის ელჩი გააძევა

 AHMED SAAD/REUTERS

20 ივლისს ერაყმა მისი ტერიტორიიდან შვედეთის ელჩის გაძევების ბრძანება გასცა

ერაყის პრემიერმინისტრმა მოჰამედ შია ალ-სუდანმა საგარეო საქმეთა მინისტრს უბრძანა, რომ შვედეთის ელჩისთვის ქვეყნის დატოვებისკენ მიეთითებინა. აღნიშნულ ინფორმაციას ერაყის პრემიერმინისტრის ოფისი Twitter-ზე ავრცელებს. 

ერაყული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყმა ასევე შეაჩერა შვედური ტელეკომუნიკაციების გიგანტის Ericsson-ის ლიცენზიის გაცემის პროცესი.

გაძევება შვედეთის მიერ სტოკჰოლმში ყურანის საჯარო დაწვის ნებართვის გაცემას მოჰყვა.

ოთხშაბათს, 19 ივლისს შვედეთის პოლიციამ დემონსტრანტებს დართო ნება, ერაყის საელჩოს გარეთ გაემართათ აქცია, რომელშიც მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებდა. შვედური მედია იტყობინებოდა, რომ ორი პირი ყურანის დაწვას გეგმავდა. ცნობების მიხედვით, ერთ-ერთი იყო ის ერაყელი კაცი, რომელმაც ყურანი სტოკჰოლმში მდებარე მეჩეთთან ივნისში დაწვა. აქამდე შვედეთის პოლიციამ მსგავსი დემონსტრაციების ჩატარებაზე, უსაფრთხოების საკითხების გამო, უარი თქვა. შემდეგში უზენაესმა სასამართლომ პოლიციის გადაწყვეტილებები შეცვალა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები დაცულია ქვეყნის გამოხატვის თავისუფლებით.

შვედეთის გადაწყვეტილებას ერაყში შვედეთის საელჩოსთან ძალადობრივი პროტესტები მოჰყვა, სადაც დემონსტრანტები საელჩოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, საელჩოს თანამშრომლები არ დაშავებულან. 

კომენტარები