მიხეილ სააკაშვილი

კალაძე პოლონელ ექიმზე: დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული მონაცემების გაყალბება

კახა კალაძე
თბილისის მერია

პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის მალული გატანის მცდელობას თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა. თბილისის მერი პოლონელ ექიმს "გარკვეული რაღაცების გაყალბების" მცდელობაში ადანაშაულებს და სააკაშვილის გარშემო მიმდინარე კამპანიას "სიცრუესა და ფარისევლობას" უწოდებს.

"იქიდან გამომდინარე, რა კამპანიაც მიმდინარეობს სააკაშვილის ირგვლივ, ძალიან დიდი ალბათობით, სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცეების გაყალბება". – თქვა კალაძემ.

მერის ვარაუდით, სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გაყალბება ექსპრეზიდენტის თემის გარშემო "გარკვეული კამპანიის ასაწყობად" სჭირდებოდათ.

"ალბათ სჭირდებოდათ გარკვეული რაღაცების გაყალბება და ამისთვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული. შემდეგ ამაზეც ააწყობდნენ გარკვეულ კამპანიას. ამ სიბინძურეს ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვუყურებთ, რაც ძალიან ცუდია. სააკაშვილის თემის გარშემო რაც ხდება მთელი ამ ხნის განმავლობაში, ეს არის ძალიან დიდი სიცრუე და ფარისევლობა – მისი "მოწამვლიდან" დაწყებული "სიკვდილით" დასრულებული". – თქვა კახა კალაძემ.

14 ივლისს სპეციალურმა პენტიენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ქაღალდში გადახვეული ნიმუში ფარულად, ფეხსაცმლის საშუალებით გაჰქონდა.

კომენტარები