მიხეილ სააკაშვილი

პრემიერი პოლონელ ექიმზე: სამარცხვინოა, რაც მოხდა, თავადვე მოახდინეს პროცესის დისკრედიტაცია

ჩვენგან ეს ერთგვარი ჟესტი იყო [პოლონელი ექიმების სააკაშვილთან შეშვება], რომ ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს არავისთვის, ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით. 

უბრალოდ, სამარცხვინოა რაც მოხდა, მე ვფიქრობ, შემაშფოთებელი ფაქტია. თავადმე მოახდინეს მათ ამ პროცესის დისკრედიტაცია. ჩვენ ვალდებული ვიყავით, გაგვევრცელებინა კადრები, როცა დამალეს ის ნიმუშები, რომლებიც აიღეს ოფიციალურად, ჩვენი თანხმობის შემდეგ.  

ეს, რა თქმა უნდა, მიუთითებს, რომ საკითხი თავიდან ბოლომდე პოლიტიზებულია. ალბათ, რაღაც გარკვეული სხვა განზრახვები შესაძლოა ჰქონოდათ. ამას დრო გვაჩვენებს, რა იდგა ნიმუშების დამალვის იდეის უკან. ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის აღარ მივცემთ უფლებასა და საშუალებას, რომ ამ საკითხით დააბნიონ საზოგადოება და მსოფლიოში საერთაშორისო თანამეგობრობა შეიყვანონ შეცდომაში. ეს ჩვენგან ერთგვარი ჟესტი იყო, ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, ზედმეტი არის ასეთი აქტიურობა. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. გუშინ, 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა. 

კომენტარები