ღარიბაშვილი პარლამენტი

ბოკუჩავა პრემიერს: ტრიბუნაზე თქვენი სახით ქვეყნის მოღალატე დგას, სიმართლის გეშინიათ

განადგურებული, დეგრადირებული, გაუბედურებული, რას არ გვიწოდებთ, მაგრამ გწყინთ, როცა ჩვენ გამხელთ ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაში, გახსენებთ, რომ თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებით. დღეს საპარლამენტო ტრიბუნაზე თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, დგას ქვეყნის მოღალატე, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს. ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი დღეს ევროპული ინტერესია. 

ქვეყნის ღალატია ის, რომ პირადად თქვენ ომს NATO-ს აბრალებთ და ახლა უკვე ჩვენ, ქვეყნის ღალატია ეკონომიკის ტერორისტ რუსეთზე ჩამოკიდება, ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება, ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების დაშვება, ქვეყნის ღალატია მალული მოლაპარაკების გზით საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ქვეყნის ღალატია რუსული კანონის მიღების მცდელობა, ქვეყნის ღალატია მეორე ფრონტის მითის მოგონება, ქვეყნის ღალატია ევრორეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ქვეყნის ღალატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყველგან და ყოველთვის ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და ეშინია დღესაც, ციხეშიც, თავისუფლებაზეც, უკრაინაშიც, საქართველოშიც, ჯანმრთელის და ფიზიკურად დასუსტებულის, რადგან იცით, რომ თანაბარი თამაშის წესებით მასთან დამარცხდებით. პოლონელი ექიმების მასთან შეშვების სამარცხვინო ბიუროკრატიული მიზეზებით გაჭიანურება კი მისი მოწამვლის კვალის დამალვას ემსახურება, რადგან აქაც გეშინიათ. 

სიმართლის გეშინიათ და ამიტომ გეშინიათ ხალხისაც, გეშინიათ ახალგაზრდების, თავად მონურ მორჩილებაში გეშინიათ მათი თავისუფლების, ბატონო ირაკლი. თავად რუსული საქმის მკეთებელს, გეშინიათ მათი ევროპულობის, გეშინიათ მათი სიტყვების და მათი უსიტყვობის და მზად ხართ, თეთრი ფურცლის გამო დააპატიმროთ. თეთრ ფურცლითაც, სიტყვითაც, პარლამენტშიც, ქუჩაშიც, ყველგან და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დავალებით თქვენ, ბატონო ირაკლი და თქვენი ბანდიტოკრატიული მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებთ, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დამარცხდებით, რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნება გაიმარჯვებს და საქართველო არასდროს გახდება რუსეთი. 

მიმართავს ენმ-ს დეპუტატი, თინა ბოკუჩავა პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. 

კომენტარები