ფემიციდი

პოლიციამ დაუდევრობა გამოიჩინა – ECHR-მა ფემიციდის საქმეზე სახელმწიფოს დარღვევა დაადგინა

ადამიანის უფლებათა ევრუპლმა სასამართლომ (ECHR) საქართველოში 2018 წელს მომხდარი ფემიციდის საქმეზე სახელმწიფოს დარღვევები დაადგინა აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუდევრობა გამოიჩინიეს.

საქმე შეეხება ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტს, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო ყოფილი მეუღლის მხრიდან სისტემატიური ძალადობის გამო. საქმეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აწარმოებდა. ოგრანიზაციის ცნობით, გარდაცვლილი წლების განმავლობაში მიმართავდა პოლიციას და შველას ითხოვდა, თუმცა სამართალდამცავმა უწყებებმა არ გამოიჩინეს სათანადო გულისხმიერება და არ შეასრულეს მათთვის დაკისრებული ვალდებულებები.

სტრასბურგის სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) მუხლის დარღვევა დაადგინა მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლთან ერთობლიობაში.

საიას ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა მომჩივნის წარმომადგენელთა არგუმენტები და დაადგინა "რომ საჩივარი კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურულ ნაწილთან დაკავშირებით ორ ასპექტს მოიცავს: პირველი, რომ მიმდინარე გამოძიება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არსებული შესაძლო დაუდევრობის შესახებ იყო არაეფექტიანი და მეორე, რომ განმცხადებლის ქალიშვილის შეურაცხყოფასა და სიკვდილთან დაკავშირებით გამოძიება მოძალადის წინააღმდეგ იყო არაადეკვატური".

ამასთან, სტრასბურგმა ყურადღება გაამახვილა, საქართველოში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ სისტემურ პრობლემაზე და აღნიშნა, რომ სამართალდამცავებმა გამოიჩინეს დაუდევრობა მომჩივნის შვილის მიმართ. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს, რომ მომჩივნის შვილმა 16-ჯერ დარეკა დახმარების თხოვნით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული 16 შეტყობინების საფუძველზე პოლიციამ 13-ჯერ პატრულის ეკიპაჟის გაგზავნით, ხოლო 3-ჯერ შემაკავებელი ორდერით უპასუხა, სამართალდამცავებმა არ მიაქციეს ყურადღება, რომ მომჩივნის შვილმა დახმარების თხოვნა შეწყვიტა.

"სტრასბურგის სასამართლოს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ისიც, რომ სამართალდამცავები თითოეულ განცხადებას ცალკე შემთხვევად განიხილავდნენ და არა სისტემურად, რაც რისკის არასათანადოდ შეფასებაში გამოიხატა. შესაბამისად, სწრაფი და გულმოდგინე ქმედებების არარსებობამ მოძალადეს დაუსჯელობის განცდა შეუქმნა, რამაც ძალადობის განმეორებას ხელი შეუწყო". – ნათქვამია განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს მორალური ზიანისთვის 20 000 ევროს, ხოლო ხარჯებისთვის კი 12 600 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა.

კომენტარები