ნევადა

ნევადას შტატს კუტკალიები შეესივნენ

აშშ-ში ნევადას შტატს კუტკალიების მიწაში მობინადრე, უფრთო, კანიბალისტური სახეობა, Anabrus simplex შეესია.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნევადას ჩრდილო-აღმოსავლეთით, აიდაჰოს შტატის საზღვართან მდებარე ქალაქ ელკოში, სადაც კუტკალიებმა გზები, გამწვანებები და შენობების კედლებიც კი დაფარეს.

Anabrus simplex ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მწერია. კუტკალიების ამ სახეობის წარმომადგენლებს სიგრძეში 8 სანტიმეტრამდე გაზრდა შეუძლიათ. ისინი მრავალწლიანი მცენარეებით, ბალახით, ნათესებითა და მწერებით, მათ შორის, სხვა კუტკალიებით იკვებებიან. ამ მწერების შემოსევას მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების გამოწვევა შეუძლია.

კუტკალიების ეს სახეობა მუდმივად ცირკულირებს და 4-6 წელიწადში ერთხელ ნევადას, აიდაჰოსა და იუტას შტატებში გამოჩნდება ხოლმე. 

Anabrus simplex-თან დაკავშირებით შტატებში გადმოცემაც არსებობს: კუტკალიების ამ სახეობის ინგლისური სახელწოდება - Mormon cricket (მორმონების ჭრიჭინა) - თავდაპირველად იუტაში მცხოვრებმა მორმონებმა გაავრცელეს. მწერი მათ ერთ-ერთ რელიგიურ სასწაულთან არის დაკავშირებული. 1848 წელს მორმონების მინდვრებს სწორედ ამ სახეობის კუტკალიები შეესივნენ და მოსავალი განადგურებისგან დიდ მლაშე ტბასთან მობინადრე თოლიებმა იხსნეს, რომლებმაც დიდი რაოდენობით მწერი შეჭამეს.

კომენტარები