აშშ

ვაშინგტონის მახლობლად F-16-ები აედევნნენ მცირე ზომის თვითმფრინავს, რომელიც ჩამოვარდა

Cessna Citation-ის ტიპის თვითმფრინავი

ოფიციალური წყაროები ამერიკულ მედიებთან საუბარში ამბობენ, რომ აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა მცირე ზომის თვითმფრინავისთვის გზის გადასაჭრელად F-16-ის ტიპის რამდენიმე ავიაგამანადგურებელი ააფრინა. მათი ზებგერითი სიჩქარის გამო ვაშინგტონში მოქალაქეებმა აფეთქების მსგავსი ხმა გაიგეს. მცირე ზომის თვითმფრინავი იყო Cessna Citation-ი, რომლის ეკიპაჟიც მიმართვის საპასუხოდ კონტაქტზე არ გამოდიოდა.

აფეთქების მსგავსი ხმა ვაშინგტონის, მერილენდისა და ვირჯინიის მაცხოვრებლებმა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:10-ზე გაიგეს. ხმა გაიგეს ისეთ დაშორებულ დასახლებებში, როგორიცაა ვირჯინიის სპრინგფილდი და მერილენდის ბოუი. მოსახლეობას ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია რამ გამოიწვია ხმა.

მაღალჩინოსნები ანაპოლისიდან და ბოუიდან Twitter-ზე წერენ, რომ ხმა თავდაცვის დეპარტამენტის ავტორიზებულმა ფრენამ გამოიწვია.

ამ მოვლენების პარალელურად, აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ (FFA) გაავრცელა განცხადება, რომ ვირჯინიაში, მონტებელოს მახლობლად ჩამოვარდა Cessna Citation-ის ტიპის თვითმფრინავი, ადგილობრივი დროით 15:30-ისთვის. თვითმფრინავი, რომელიც ჩამოვარდა, აფრენილი იყო ტენესის შტატში მდებარე ელიზაბეთტონის მუნიციპალური აეროპორტიდან და მისი დანიშნულების ადგილი ნიუ-იორკი, ლონგ აილანდის მაკართურის აეროპორტი იყო. FAA-ში ამბობენ, რომ ჩამოვარდნის საქმეს გამოიძიებს ეროვნული ტრანსპორტირების უსაფრთხოების საბჭო. 

ფრენების დამკვირვებელ ვებგვერდზე, Flightradar24-ზე არის ინფორმაცია თვითმფრინავზე, რომლის მარშრუტიც ემთხვევა Citation-ის აღწერილ მიმართულებას. მონაცემების მიხედვით, თვითმფრინავმა, სანამ ჩამოვარდებოდა, პირდაპირ გადაიფრინა ვაშინგოტინის თავზე, სადაც არასაფრენი ზონაა.

Reuters-თან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოგდება ავიაგამანადგურებლებს არ გამოუწვევიათ. ასევე, Reuters-ის ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებულმა პირმა თქვა, რომ მცირე ზომის თვითმფრინავი ავტოპილოტის რეჟიმზე იყო.

ჯერჯერობით ჩამოვარდნილ თვითმფრინავთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები უცნობია.

კომენტარები