უკრაინა ამერიკული წარმოების Patriot-ის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემის რუსეთის ჯარების მიერ განადგურებას უარყოფს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ Patriot-ების კინჟალის ტიპის ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტით განადგურების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა მას შემდეგ, რაც 16 მაისს ღამით კიევზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მოგვიანებით, ორმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურობის პირობით საუბრისას თქვა, რომ Patriot-ის სისტემები სავარაუდოდ დაზიანდა, თუმცა ისინი არ განადგურებულა.
"რუსული კინჟალის ტიპის რაკეტით Patriot-ის სისტემის განადგურება შეუძლებელია. ყველაფერი, რასაც ამბობენ, შეუძლიათ თავიანთ პროპაგანდისტულ არქივში დატოვონ". - ამბობს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერი იური იგნატი.
ამჟამად უკრაინაში განთავსებულია Patriot-ის ორი სისტემა, ერთი, რომელიც აშშ-ს გადაცემულია და მეორე, რომელიც გერმანიამ და ნიდერლანდებმა კიევს ერთობლივად გაუგზავნეს. უცნობია თუ რომელი მათგანი დაზიანდა.
რუსეთი სამიზნეში Patriot-ის სისტემას აქამდეც იღებდა, როგორც CNN-თან გასულ კვირაში ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა აღნიშნეს. ამ თავდასხმებს შორის არის 4 მაისის შემთხვევა, როცა სისტემამ პირველი კინჟალი უვნებელყო.
CNN-თან ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ შესაძლოა დაზიანდა Patriot-ის ბატარეის ერთ-ერთი კომპონენტი. სისტემა 6 ძირითადი ნაწილისგან შედგება: გენერატორი, რადარი, კონტროლის სადგური, ანტენები, გამშვები დანადგარი და თავად რაკეტები. ნაწილები ერთ წერტილში თავმოყრილი არაა. თუმცა, ერთი კომპონენტის დაზიანების შედეგადაც, შესაძლოა უკრაინას სისტემის ქვეყნიდან გატანა მოუწიოს, რათა ის შეაკეთონ.





