რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინას კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის დასაწყებად მეტი დრო სჭირდება. მისივე მტკიცებით, მოსამზადებლად უკრაინა დასავლეთის დაპირებული დახმარების სრულად მიღებას საჭიროებს. 

"იმ რესურსებით, რომელსაც ამჟამად ვფლობთ, შეგვიძლია წინ წავიწიოთ და ვფიქრობ, წარმატებასაც  მივაღწევთ, თუმცა ამას ბევრის სიცოცხლე შეეწირება. ჩემთვის ეს მიუღებელია, ამიტომ უნდა მოვიცადოთ. ცოტა მეტი დრო გვჭირდება". - აღნიშნა ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში. 

ზელენსკის თქმით, სამხედრო დანაყოფები, რომლებმაც წვრთნა და გადამზადება NATO-ს წევრი ქვეყნების დახმარებით გაიარეს, მზად არიან შესაბამისი მოქმედებებისთვის, თუმცა ისინი გარკვეულ ინსტრუმენტებს საჭიროებენ, როგორიცაა ჯავშანტექნიკა, რომლის მიწოდებაც ეტაპობრივად ხდება. 

გასული დღეების განმავლობაში უკრაინელმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ კონტრშეტევაზე გადაჭარბებული მოლოდინების დამყარება შესაძლოა ქვეყნისთვის საზიანო აღმოჩნდეს. 

"კიევს დასავლეთისთვის იმედების გაცრუება შესაძლოა სამხედრო დახმარების შემცირებად და რუსეთთან მოლაპარაკებების წარმოების წნეხად დაუჯდეს". - აღნიშნა ზელენსკიმ. 


უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლეკსი რეზნიკოვის თქმით, მოლოდინები უკრაინის კონტრშეტევის შესახებ გადაჭარბებულია. მან აღნიშნა, რომ ამ მოლოდინებმა შესაძლოა ბევრში ემოციური იმედგაცრუება გამოიწვიოს. ამის შესახებ რეზნიკოვმა The Washington Post-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

"მოლოდინები ჩვენი კონტრშეტევის შესახებ სამყაროში გადაჭარბებულია. ადამიანთა უმრავლესობა რამე ძალიან დიდს ელოდება". – ამბობს რეზნიკოვი.

CIA-ის ყოფილი დირექტორის, გენერალ დევიდ პეტრეუსის თქმით, აშშ-ის მიერ გაწვრთნილი უკრაინელების კონტრშეტევა მაისში იგეგმება.

"[უკრაინული არმია] დროთა განმავლობაში აღიჭურვება დასავლური ტანკებით, დასავლური ქვეითთა საბრძოლო მანქანებით, დასავლური ჯავშანტექნიკით, და 2023 წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, იქნება უკრაინელების მასშტაბური კონტრშეტევა. დიდი ალბათობით სამხრეთში. ეს, ალბათ, დაახლოებით მელიტოპოლის ზონა უნდა იყოს და ისინი [უკრაინელები] შეეცდებიან კომუნიკაციების სახმელეთო ხაზის გაწყვეტას, რომელიც რუსეთს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე ყირიმთან აკავშირებს." - ამბობს პეტრეუსი.

კომენტარები