რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთმა პარადზე ტანკები საშინაო კრიტიკის ასარიდებლად არ გამოიყვანა

სამუზეუმო Т-34 გამარჯვების დღის პარადზე
კრემლი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვამ შეაფასა მოსკოვში, წითელ მოედანზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ჩატარებული პარადი და აღნიშნა, რომ ღონისძიებამ აჩვენა რუსეთის ჯარის მატერიალური და სტრატეგიული კომუნიკაციების გამოწვევები. მათივე თქმით, კრემლი მცირე ტექნიკის გამოყვანით საშინაო კრიტიკის თავიდან არიდებას ცდილობდა. 

"რუსეთში, წითელ მოედანზე 2023 წლის 9 მაისის ყოველწლიურ გამარჯვების დღის პარადზე ხაზი გაესვა მატერიალურ და სტრატეგიული კომუნიკაციების გამოწვევებს, რომელთა წინაშეცაა [რუსეთის] ჯარი უკრაინაში 15-თვიანი ომის შემდეგ". – წერს დაზვერვა. 

ბრიტანეთის დაზვერვა ცნობებზე დაყრდნობით წერს, რომ პარადში მონაწილეობა მიიღო 8 000-მდე სამხედრო მოსამსახურებ, თუმცა, მათი უმრავლესობა იყო რეზერვისტი, გასამხედროებული ძალები და კადეტები სამხედრო სავარჯიშო დაწესებულებებიდან. ამავე ინფორმაციით, ერთადერთი ძალები, რომლებიც მზადყოფნაში იყვნენ და მათი საბრძოლო მოქმედებებში გაგზავნა შეიძლებოდა, სარკინიგზო ჯარები და სამხედრო პოლიცია იყო.

რაც შეეხება მცირე რაოდენობით გამოყვანილ სამხედრო ტექნიკას, როგორც ბრიტანეთის დაზვერვა წერს, კრემლს საშინაო კრიტიკის შეეშინდა. 

"პარადზე ძველებური Т-34 ცერემონიულ დანაყოფში იყო ერთადერთი ტანკი. დიდი დანაკარგების მიუხედავად, რუსეთს მეტი ჯავშანტექნიკის გამოყვანა შეეძლო. ხელისუფლებამ, სავარაუდოდ, თავი შეიკავა, რათა აერიდებინა საშინაო კრიტიკა, რომ პარადებს უფრო ანიჭებდნენ უპირატესობას, ვიდრე საბრძოლო ოპერაციებს". – წერს დაზვერვა. 

 

კომენტარები