რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ISW: იარაღისთვის კადიროვმა და პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სავარაუდოდ დააშანტაჟეს

ევგენი პრიგოჟინი და რამზან კადიროვი

ამერიკული სამხედრო ანალიტიკური ცენტრის, ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) 7 მაისის ანგარიშში წერია, რომ ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა და ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა რუსეთის არმიის გენერალი, ვალერი გერასიმოვი დაარწმუნეს, განაახლოს საბრძოლო მასალის მიწოდება ვაგნერის ძალებისთვის ბახმუტში, მიუხედავად გერასიმოვის მიერ ამ ძალისხმევის უკანა პლანზე გადაწევისა.

პრიგოჟინმა 7 მაისს აღნიშნა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან დოკუმენტი მიიღო, სადაც მას ჰპირდებოდნენ, რომ ბახმუტზე შეტევის გასაგრძელებლად ვაგნერის ძალებს საბრძოლო მასალითა და იარაღით მოამარაგებდნენ.

"როგორც ჩანს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ძირეულად არ შეცვალა ბახმუტზე შეტევის გეგმა. პრიგოჟინმა და კადიროვმა, სავარაუდოდ, ფაქტობრივად დააშანტაჟეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რათა გამოეყოთ რესურსები ვაგნერის ძალებისთვის ბახმუტში იმ მუქარით, რომ კადიროვი თავის ძალებს სხვა პოზიციებიდან ბახმუტისკენ გადაისვრიდა". - წერია ანგარიშში. 

პრიგოჟინმა ასევე თქვა, რომ თავდაცვის სამინისტრომ ვაგნერს ბახმუტის ოპერაციებში სრული თავისუფლება მისცა და თავდაცვის სამინისტროსა და ვაგნერს შორის შუამავლად არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი დანიშნა, რაც, ISW-ის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ გერასიმოვს და, სავარაუდოდ, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს არ შეუძლიათ პრიგოჟინს უბრძანონ, როგორც ქვეშევრდომს, არამედ მართავენ მოლაპარაკებებს მასთან, როგორც თანასწორთან. 

ISW-ის აზრით, პრიგოჟინის შეფასება, რომ თავდაცვის სამინისტრო აქამდე თავს იკავებდა, თუმცა, საბოლოოდ დათანხმდა იარაღის მიწოდებაზე, სიმართლეა. ამაზე მიუთითებს ისიც, რომ თავდაცვის სამინისტრო პრიგოჟინის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, ხოლო უკრაინელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ვაგნერის მიერ უკრაინული ძალების დაბომბვის მცდელობები არ შემცირებულა. 

კომენტარები