რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

POLITICO: უკრაინა მოკავშირეებს კონტრშეტევის დეტალებს არ უზიარებს

უკრაინელი სამხედრო რუსული პოზიციების მიმართულებით ცეცხლს ხსნის. 2022 წლის 10 ნოემბერი.
LIBKOS/AP Photo

კიევი კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის რისკის შესამცირებლად, კონტრშეტევის დეტალებს მოკავშირეებისგან მალავს. ამის შესახებ გამოცემა Politico უკრაინის სამხედრო მაღალჩინოსნებთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს

მაღალჩინოსნები კიევის მიერ კონტრშეტევის ინფორმაციის მოკავშირეებისგან დამალვის ერთ-ერთ მიზეზად გასულ თვეს პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვას ასახელებენ. 

გაჟონილ დოკუმენტებში საუბარი იყო უკრაინაზე - უკრაინის მთავარ სისუსტეებზე შეიარაღებაში, საჰაერო თავდაცვაში, ბატალიონების ზომებსა და რუსეთის წინააღმდეგ კონტრშეტევის წინ ძალების მობილიზებაში. 

გამოცემის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ ცდილობდა მეგობარი ქვეყნები დაერწმუნებინა, რომ ვაშინგტონი ყველაფერს აკეთებს, რათა მომავალში იგივე აღარ განმეორდეს, უკრაინელი მაღალჩინოსნები მოკავშირეებს ინფორმაციას დიდი სიფრთხილით უზიარებენ. 

უკრაინელმა დეპუტატმა, რომელმაც Politico-სთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნებმა კონტრშეტევის შესახებ გარკვეული ცნობები არამხოლოდ პარტნიორ ქვეყნებს, არამედ ზოგიერთ უკრაინელ პოლიტიკოსსაც დაუმალეს. 

"ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც კონტრშეტევის გეგმა იცის". - აღნიშნავს წყარო.

მეორე მხრივ, პენტაგონის წარმომადგენელმა Politico-სთან საუბრისას თქვეს, რომ ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით არანაირი ცვლილება არ მომხდარა, ვაშინგტონსა და კიევს შორის დიალოგი ისევ ადრინდელ დონეზეა და არ ჩანს არანაირი ნიშანი, რომ უკრაინა შეერთებულ შტატებს რამეს უმალავს.

Politico-ს ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციის ზოგიერთი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ უკრაინა აშშ-სთან მისი სამხედრო გეგმების შესახებ არასოდეს ყოფილა სრულად ღია. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონსა და კიევს შორის აქტიური კომუნიკაციაა, ისინი, ბუნებრივია, ყველაფერს არ უზიარებენ და შესაბამისად, არასოდეს ყოფილა მოლოდინი იმისა, რომ უკრაინა მიმართავდა თეთრ სახლს და ეტყოდა, რომ კონტრშეტევა X დღეს Y საათზე დაიწყება.

"ისინი ინფორმაციის მიმართ თავიდანვე ძუნწები იყვნენ". - ამბობს მაღალჩინოსანი. 

კომენტარები