საქართველო-კატარი

საქართველო კატართან სათბური აირებით ივაჭრებს

Charlie Riedel / AP Photo file

საქართველომ და კატარის სახელმწიფომ გააფორმეს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობას გულისხმობს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გადაცემა რედაქტ2-ში ისაუბრა.

"ჩვენ მოვაწერეთ უკვე ხელი მემორანდუმს, რომელზეც ორი წლის წინ დავიწყეთ პრინციპში მუშაობა კატარის სახელმწიფოსთან. ეს არის ემისიებით ვაჭრობის შესახებ შესაძლებლობები ჩვენსა და კატარს შორის. ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ახალი ინვესტიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოვა ამ სახელმწიფოდან სხვადასხვა სექტორში და რომელიც ხელს შეუწყობს თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს სათბური აირების გაფრქვევას, ეს შემცირებული სათბური აირები დაექვემდებარება საერთაშორისო ვაჭრობის მექანიზმს და სწორედ კატარის სახელმწიფო დაინტერესებულია, რომ იყიდოს ეს შემცირებული სათბური აირები.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ორ სახელმწიფოს შორის, როგორც ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, როგორც ახალი, კლიმატგონივრული და თანამედროვე ინვესტიციების შემოდინებას, იქნება ეს ენერგეტიკის სექტორი, თუ ნებისმიერი სხვა, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სათბური აირების გაფრქვევის თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე, თანამედროვე, მწვანე ტექნოლოგიების და ინვესტიციების განხორციელებასთან ერთად, შემცირებული ემისიები გახდება საერთაშორისო ვაჭრობის საგანი ორ სახელმწიფოს შორის.

ეს არის შესაძლებლობა სახელმწიფოთაშორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების და ამავდროულად, ბუნებრივია, კერძო სექტორისთვის საინტერესო ვაჭრობის მექანიზმის შემოტანის თვალსაზრისით. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთი შესაძლებლობები გააჩენს ახალ თანამშრომლობის ფანჯარას კერძო სექტორს შორის ურთიერთობისთვის ქართულ და კატარის სახელმწიფოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით". - თქვა ნინო თანდილაშვილმა.

კომენტარები