ობრაიენი: საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ელექტრონული საქონლის ტრანზიტი გაზრდილია

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ჯეიმს ობრაიენი
ამერიკის ხმა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ობრაიენის თქმით, რუსეთში საქართველოს გავლით ელექტრონული ნივთების ტრანზიტი მომატებულია. ამის შესახებ მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუსას ისაუბრა

ობრაიენმა აღნიშნა, რომ კრიტიკული ელექტრონიკა რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით შედის და მათი ნაწილი ბრძოლის ველზე აღწევს. 

"ეს შეიძლება ამ ქვეყნებში ვიღაცისთვის კარგ ბიზნეს შესაძლებლობად გამოიყურებოდეს, მაგრამ დღეისთვის მათ უკვე უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ნივთების ნაწილი ბრძოლის ველამდე აღწევს. ასე რომ, იქნება ეს ბიზნესის მფლობელი რომელიმე ამ ქვეყანაში, თუ გამყიდველი სადმე სხვაგან, ისინი რულეტს თამაშობენ. ისინი ალბათ ამბობენ, რომ ამ საქონელს რუსეთში გააგზავნიან. მათ შეიძლება იციან ან შეიძლება არ იციან, რომ სანქციებს არღვევენ. ისინი ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ, ფრთხილად უნდა იყვნენ და თავიდან აიცილონ ამ სახის ვაჭრობა". - თქვა ობრაიენმა ამერიკის ხმასთან საუბრისას. 

კითხვაზე, არის თუ არა საქართველო იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ნებით თუ უნებლიეთ ხელს უწყობენ რუსეთს და კრიტიკული ელექტრონიკის მიღებაში ეხმარებიან, ჯეიმს ობრაიენმა უპასუხა:

"ვიტყოდი, რომ ფინანსური სანქციების მხრივ, საქართველო ძალიან გულმოდგინედ ასრულებს სანქციებს. თუმცა, ჩვენ ვნახეთ ელექტრონული ნივთების საქართველოს გავლით რუსეთში ტრანზიტის მომატება. როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ასეთი ვაჭრობის დიდი ნაწილი ლეგალური იყო სადღაც წლის ბოლომდე - იმ დრომდე, სანამ ევროკავშირმა და დიდი შვიდეულის წევრებმა ამ საქონელზე შეზღუდვები დააწესეს. ჩვენ მოველით რომ ტრანზიტის ეს მონაცემები ძალიან სწრაფად შემცირდება. იმედი მაქვს, რომ ბიზნესები, რომლებიც ამ სახის ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი, მიხვდებიან, რომ ეს მუშაობდა დროის ერთ მომენტში, რომელიც ახლა დასრულდა და რომ ეს ახლა უნდა შეწყდეს".

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჯიმ ობრაიენის კომენტარს ეხმაურება და მას ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას უწოდებს.  

"კიდევ ერთხელ, კატეგორიულად აცხადებს, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან, ჩვენი ქვეყანა სრულად იცავს დადგენილ წესებს და საზღვარზე მკაცრ მონიტორინგს უწევს ყველა ტიპის საბაჟო ოპერაციას". - ვკითხულობთ ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტროს განმარტებით, სანქცირებულ სიაში მოხვედრილი ყველა ის პროდუქცია, რომლის გადატანა საქართველოს გავლით ხდება, განსაკუთრებულ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება. ამავე ინფორმაციით, დამატებით მოწმდება "საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის შემთხვევები, რათა საქართველო არ იქნას გამოყენებული დაწესებული სანქციებისგან თავის არიდების საშუალებად".

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვინც საქართველოს მიერ სანქციების დარღვევის შესახებ საუბრობს, შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა წარმოადგინოს.

"წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ ეს არის მიზანმიმართული ქმედება - ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ქვეყანას მიაყენონ რეპუტაციული ზიანი, რაც არ დარჩება რეაგირების გარეშე ჩვენი მხრიდან". - წერია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები