დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშის მიხედვით, ბოლო თვეებში რუსმა მეთაურებმა დისციპლინური დარღვევების გამო სამხედროების დასჯა და მათი ე.წ. ზიდანში, მიწაში გათხრილ და იმპროვიზირებულ საკნებში განთავსება დაიწყეს.
ანგარიშის მიხედვით, ბოლო პერიოდში რუსი სამხედრო პერსონალისგან მიღებული არაერთი ცნობით დასტურდება, რომ გენერლები სამხედროებს საკნებში ძირითადად სიმთვრალისა და კონტრაქტის შეწყვეტის მცდელობის გამო ათავსებენ.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ომის პირველ თვეებში რუსმა მათაურებმა შედარებით მსუბუქი ზომები მიიღეს და სახლში დაბრუნების მსურველებს ფრონტის დატოვების საშუალება მისცეს. მოგვიანებით, 2022 წლის შემოდგომიდან რუსეთმა არაერთი "დრაკონული ინიციატივა" დაამტკიცა, რომლებიც ბრძოლის ველზე დისციპლინის ამაღლების მოტივით დისციპლინური ნორმების გამკაცრებას გულისხმობდა.
ანგარიშის მიხედვით, ტენდენცია განსაკუთრებით გაძლიერდა მას შემდეგ, რაც 2023 წლის იანვარში რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების სარდალი გენერალური შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი გახდა.





