რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს, რადგან უკრაინის დამარცხება არ შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი ამბობს, რომ უკრაინაში NATO-სთან ომობს, რადგან უკრაინის დამარცხება არ შეუძლია. ამის შესახებ ზელენსკიმ Al Arabiya-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე წარუმატებლობის აღიარება და სწორედ ამიტომ ამტკიცებს, რომ უკრაინაში NATO-ს ეომება

"სასაცილოა, რომ თითქოს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე NATO-ს ეომება. რუსეთი ეომება უკრაინას. და რადგან მას არ შეუძლია პატიოსნად ომი, ამიტომ ის უკვე ამბობს, რომ NATO-ს ეომება. მას რცხვენია აღიაროს, რომ ქვეყანას, რომელიც 40-ჯერ აღემატება სიდიდით უკრაინას, არ შეუძლია ჩვენი დამარცხება". თქვა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ NATO არ არის შეტევითი ალიანსი და ის რუსეთის წინააღმდეგ ომს არ აწარმოებს.

"დღეს NATO არ არის შეტევითი ალიანსი. მე ვერ ვხედავ, რომ ალიანსის ქვეყნები დღეს რაიმე ომს აწარმოებდნენ. ვერ ვხედავ NATO-ს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნას. მე ვერ ვხედავ ვერცერთ NATO-ელს, რომელიც კლავს რუსს მათ ტერიტორიაზე ან სადმე სხვაგან". თქვა ზელენსკიმ.

გარდა ამისა, ზელენსკის შეფასებით, დღეს ქვეყნებს სურთ ალიანსში გაწევრიანება, რათა რუსული აგრესიისგან თავი დაიცვან.

"თუ რუსეთი ჩვენ თავს არ დაგვესხმებოდა, ფინეთი NATO-ში არასდროს შევიდოდა. ყველა ქვეყანა, რომელსაც რუსეთთან სასაზღვრო ან ეკონომიკური კავშირი აქვს – ყველას სურს ენერგეტიკული, ეკონომიკური ან აგროკულტურული დამოუკიდებლობა. ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ მარტივად დაბლოკა რუსეთმა უკრაინიდან პურის ექსპორტი. დღეს ყველა ამ ქვეყანას სურს NATO-ში გაწევრიანება – თავის დასაცავად". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები