საქართველო-უკრაინა-NATO

როცა 2008-ში უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს კარი დაიხურა, რუსეთი მათ თავს დაესხა – კულება

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიაა საჭირო. მისი თქმით, შავი ზღვა უნდა გახდეს NATO-ს ზღვა, როგორც ეს ბალტიისპირეთის შემთხვევაში მოხდა. ამის შესახებ კულებამ ბუქარესტში შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციისას ისაუბრა.

კულებას თქმით, შავი ზღვა არის იმის მაგალითი, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება გაუარესდეს სიტუაცია, თუ საფრთხეები იგნორირებულია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთი წლების განმავლობაში ომით იმუქრებოდა.

"საქართველო, უკრაინა, სირია და კვლავ უკრაინა – მოსკოვი ერთმანეთის მიყოლებით ახორციელებდა სასტიკ თავდასხმებს. დასავლეთში ბევრმა გადაწყვიტა დაეჯერებინა, რომ რუსებს "საკუთარი სიმართლე" ჰქონდათ. თუმცა ერთადერთი სიმართლე ის არის, რომ რუსეთი ყოველთვის ემზადებოდა დიდი იმპერიალისტური ომისთვის, რომლის საბოლოო მიზანი იყო მორიგი "იალტის" კონფერენციის ჩატარება, რათა ევროპა გავლენის სფეროებად დაეყო". - თქვა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ დასავლეთს არ გააჩნდა შეთანხმებული შავი ზღვის სტრატეგია, როდესაც რუსეთის მთელი ამ დროის განმავლობაში ეს [სტრატეგია] ჰქონდა –  აგრესიული, რევანშისტული და ბარბაროსული.

კულებამ აღნიშნა, რომ რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მცდელობა ჯერ კიდევ 20 წლის წინ შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ტუზლაზე ჰქონდა.

"რუსეთი ყოველ ჯერზე მოქმედებდა იქ, სადაც დასავლეთს ეჭვი ეპარებოდა. როდესაც 2008 წელს შიშით გამოწვეული სიფრთხილით უკრაინისთვის და საქართველოსთვის NATO-ს კარი დაიხურა, რუსეთმა სწრაფად უპასუხა ორივე ქვეყანაზე თავდასხმით. რუსეთი იქცა მანიაკად, თუმცა, ზოგიერთმა ლიდერმა გადაწყვიტა, რომ საუკეთესო სტრატეგია მანიაკის ბედნიერად ქცევა იყო, მათ შორის, მისი პოტენციური მსხვერპლების დაუცველად დატოვება". - თქვა კულებამ.

კომენტარები