რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

NYT: პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში ომის წარმართვის 4 სხვადასხვა ვერსიაა განხილული

The New York Times-ის ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელებულ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტებში უკრაინაში ომის წარმართვის 4 სხვადასხვა ვერსიაა განხილული.

როგორც The New York Times-ი იუწყება, სავარაუდო სცენარი რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების დაღუპვის ვარიანტსა და უკრაინის მხრიდან კრემლზე თავდასხმის შესაძლებლობასაც მიმოიხილავს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დიდი ალბათობით კონფლიქტი გაჭიანურდება. იმის მიხედვით, თუ რომელი სცენარი განვითარდება, ომის დასასრული სხვადასხვანაირად არის წარმოსახული.

დაზვერვა, როგორც წესი ამ ტიპის დოკუმენტებს სავარაუდო შედეგების პროგნოზირების მიზნით ადგენს. ეს სამხედრო ოფიცრებს, პოლიტიკოსებსა და კანონმდებლებს შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვაში ეხმარება.

დოკუმენტი 24 თებერვლითაა დათარიღებული და უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმიდან ერთი წლის თავზე გაკეთებულ შემაჯამებელ ანალიზს ეფუძნება.

უკრაინის მიერ კრემლზე თავდასხმის შემთხვევაში, დოკუმენტებში რუსეთის მხრიდან რეაგირების 2 ვარიანტია განხილული. პუტინმა შესაძლოა დაიწყოს სრულმასშტაბიანი სამხედრო მობილიზაცია და განიხილოს ბირთვული იარაღის ინსტრუმენტად გამოყენება, ან საზოგადოებაში დათესილმა შიშმა შესაძლოა მას მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მეტად შიშობს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს უკრაინის მხრიდან რუსეთზე თავდასხმას.

კომენტარები