რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

FT: აშშ წინააღდეგია, ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO-ს წევრობის საგზაო რუკა გადასცენ

ვოლოდიმირ ზელენსკი და იენს სტოლტენბერგი, 2021 წელი
John Thys/AFP/Getty Images

გამოცემა Financial Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, აშშ, გერმანიასა და უნგრეთთან ერთად, ეწინააღმდეგება ზოგიერთი ევროპელი მოკავშირის მცდელობას, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას NATO-ს წევრობის საგზაო რუკა მისცენ. გამოცემასთან ამის შესახებ ანონიმურად ისაუბრა ოთხმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც ამ საუბრებში ჩართული არიან.

როგორც გამოცემა წერს, საგზაო რუკის გადაცემის მსურველ ქვეყნებს შორის არის პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები.

საუბრებში მონაწილე დიპლომატებმა გამოცემასთან აღნიშნეს, რომ უკრაინისთვის გაწევრიანების საგზაო რუკის გადაცემასთან დაკავშირებით, ბრიუსელში NATO-ს საგარეო მინისტრებს შორის ცხარე კამათი გაიმართა.

"წინ მძიმე მოლაპარაკებების რამდენიმე კვირა გვაქვს, რათა სივრცეები დავხუროთ და მივიღოთ პოლიტიკური შედეგი". – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა. 

როგორც FT წერს, ალიანსის ყველა წევრი თანხმდება, რომ უკრაინის გაწევრიანება მოკლე ვადაში არსებული შესაძლებლობა არაა და ომის მსვლელობის პარალელურად ამის განხილვა სერიოზული ვერ იქნება.

თუმცა, როგორც შეხვედრებზე დამსწრე ორმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მზარდი მხარდაჭერა აქვს უკრაინისთვის გაწევრიანების "პოლიტიკური გზის" შეთავაზებას, რაც, ზოგიერთის აზრით, NATO-სა და კიევს შორის კავშირს გაამტკიცებს. თუმცა, მათი თქმით, ამ იდეას აშშ ეწინააღმდეგება. გამოცემა წერს, რომ, სანაცვლოდ, ამერიკა მოკავშირეებს მოუწოდებს, ფოკუსირებული დარჩნენ მოკლევადიან სამხედრო, ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებაზე, რათა უკრაინამ რუსეთის თავდასხმის მოგერიება შეძლოს. აშშ-ს ოფიციალურ პირთა თქმით, პრიორიტეტი საბრძოლო მასალით დახმარება უნდა იყოს. მათივე აზრით, ომის შემდგომ შესაძლო ურთიერთობაზე საუბარი მხოლოდ ამ მიზნიდან გადახვევაა.

ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტად განიხილება NATO-უკრაინის კომისიის NATO-უკრაინის საბჭოდ გარდაქმნა, ნაბიჯი, რომელიც უკრაინას ალიანსის პარტნიორის სტატუსს მისცემს და უფრო ჩართული გახდება მის შეხვედრებსა და კონსულტაციებში, მათ შორის სადაზვერვო საკითხებზე. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს ლიდერებს უთხრა, რომ ის ვილნიუსის სამიტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ ალიანსი კონკრეტული კოოპერაციის დასაწყებად იქნება მზად და განიხილავს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

"აღმოსავლეთ ევროპელები, რა თქმა უნდა, ცდილობენ მოიფიქრონ ფორმულა პროცესის დასაწყებად. მათ სურთ ჩაგვითრიონ ამ პროცესში, რომელიც გარდაუვლად მიგვიყვანს მათ სურვილამდე, რაზეც სხვები თავს იკავებენ". – თქვა FT-სთან ერთ-ერთმა წყარომ. 

კომენტარები