კრიმინალი

ე.წ. კანონიერ ქურდს, რომელმაც პირს თვითდაზიანების მიყენება აიძულა, 10 წლით პატიმრობა მიესაჯა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, ე.წ. კანონიერ ქურდობაში, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასა და ე.წ. ქურდული სამყაროს მხარდაჭერაში ბრალდებული 5 ადამიანი დამნაშავედ ცნო. ე.წ. კანონიერ ქურდს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებს კი - 8-8. 

უწყების ინფორმაციით, 2021 წელს ე.წ. კანონიერმა ქურდმა და ე.წ. ქურდული სამყაროს სამმა წევრმა ორ დაზარალებულს არაერთხელ მოუწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა - სთხოვდნენ ფულის უმოკლეს ვადაში გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალადობით ემუქრებოდნენ. ერთ-ერთი გარჩევისას ე.წ. კანონიერმა ქურდმა და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრმა დაზარალებულს თვითდაზიანების მიყენება აიძულეს. 

პროკურატურამ ე.წ. კანონიერ ქურდს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის მეორე ნაწილითა და სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც "კანონიერი ქურდობასა და დამამცირებელ და არაადამიანური მოპყრობას გულიხსმობს.  

მეორე დაკავებულს ბრალდება სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობასა და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ითვალისწინებს.

ასევე, პროკურატურამ 3 პირს ბრალი სსკ-ის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა, რაც "ქურდული სამყაროს" წევრობას გულიხსმობს. 

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს -  ე.წ. "ქურდული სამყაროს" წევრს, განცხადების მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ-ის 223-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს და სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. 

"დასაბუთებული სასამართლო განაჩენის მიღების შემდგომ, ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემოაღნიშნული მსჯავრდებულის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები