რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუმის სპიკერი ითხოვს, ქონება ჩამოერთვათ მათ, ვინც ქვეყანა დატოვა და მთავრობას აკრიტიკებს

რუსეთის დუმის სპიკერი, ვიაჩესლავ ვოლოდინი ითხოვს, ქონება ჩამოეთვათ მათ, ვინც ქვეყანა დატოვა და უკრაინაში მიმდინარე ომსა და მთავრობას აკრიტიკებს. Meduza-ს ინფორმაციით, ვოლოდინმა ამის შესახებ საკუთარ Telegram-არხზე დაწერა. 

ვოლოდინის სიტყვებით, რუსეთის ზოგიერთი მოქალაქე "შესაძლებლად თვლის, შეურაცხყოს რუსეთი, მისი მოქალაქეები, ჯარისკაცები და ოფიცრები, მხარი კი ღიად დაუჭიროს ბოროტმოქმედებს, ნაცისტებსა და მკვლელებს". ვოლოდინი ფიქრობს, რომ ამ ადამიანების მიზანია, საზღვარგარეთ "კეთილდღეობა შეინარჩუნონ". 

"როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამჟამინდელი საპასუხო ზომები საკმარისი არ არის". - ამბობს ვოლოდინი. 

მისივე თქმით, მოქალაქეთა ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ წავიდა, კომფორტულად რუსეთის "წყალობით" ცხოვრობს - აქირავებენ უძრავ ქონებას და რუსეთის მოქალაქეების ხარჯზე იღებენ თანხას. 

დუმის სპიკერს სურს, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსს დაემატოს მუხლი, რომლის საშუალებითაც ამ მოქალაქეების ქონების კონფისკაცია იქნება შესაძლებელი.  

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვიაჩესლავ ვოლოდინი ომის მოწინააღმდეგე მოქალაქეებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის. მანამდე, 2022 წლის სექტემბერში ვოლოდინმა გამოთქვა სურვილი, მანქანები, რომლებიც მობილიზაციისას ქვეყნიდან წასულმა პირებმა საზღვრებთან დატოვეს, რუს ჯარისკაცებს გადასცემოდათ. დუმის სპიკერს ასევე სურდა, ქვეყნიდან წასულებს გადასახადები გაზრდოდათ. ჯერჯერობით, მისი არცერთი ინიციატივა არ შესრულებულა. 

კომენტარები