სენეგალი

სენეგალში დეპუტატებს ფეხმძიმე კოლეგის ცემის გამო პატიმრობა მიუსაჯეს

სენეგალში, დასავლეთ აფრიკაში, ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ფეხმძიმე კოლეგის ცემისთვის ექვსთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 

დეპუტატები ემი ნდიაეს მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც მან ოპოზიციონერი რელიგიური პირი გააკრიტიკა.

გარდა ექვსთვიანი პატიმრობისა, მოსამართლემ მამადუ ნიანგსა და მასატა სამბს რვა ათასამდე დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალა. 

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ ბიუჯეტის განხილვის დროს გამართული დებატების დროს მასატა სამბი ფეხმძიმე კოლეგას უახლოვდება და სახეში ურტყამს, რასაც სხვა დეპუტატის მიერ მუცელში დარტყმაც მოჰყვება. 

თავდასხმის შემდეგ ემი ნდიაემ გონება დაკარგა და არსებობდა ბავშვის დაკარგვის საფრთხეც. მიუხედავად იმისა, რომ დეპუტატი საავადმყოფოდან გამოწერეს, დაზარალებულის ადვოკატის თქმით, ის ჯერ კიდევ მძიმედაა. 

ინციდენტმა ქალთა უფლებების შესახებ დებატები გამოიწვია. 

სენეგალის პარლამენტში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ივლისში მთავრობამ საკანონმდებლო არჩევნებში უმრავლესობა დაკარგა.

კომენტარები