რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

BAZA: რუსეთში, სარატოვის ოლქის აეროდრომის მიმდებარედ აფეთქებები მოხდა

რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95

რუსული ტელეგრამ-არხი BAZA ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთში, სარატოვის ოლქში სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებები მოხდა. მათივე ცნობით, გააქტიურებული იყო საჰაერო განგაში.

მომხდარს საკუთარ ტელეგრამ არხზე ოლქის გუბერნატორი, რომან ბუსარგინი გამოეხმაურა. მისი თქმით, ცნობა, რომ ქალაქი ენგელსიდან, სადაც აეროდრომი მდებარეობს, დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია, არის "თავხედური ტყუილი, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიქმნა". 

ბუსურგინის თქმით, არ დაზიანებულა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ხოლო სამხედრო ობიექტზე "მომხდარს" ძალოვანი სტრუქტურები იძიებენ.

5 დეკემბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით შორს მდებარე აეროდრომებზე სარატოვისა და რიაზანის ოლქებში იერიშები მიიტანეს. შედეგად მოკვდა 3 რუსი სამხედრო და დაზიანდა Ту-95-ის ტიპის ორი სტრატეგიული ბომბდამშენი. როგორც გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, უკრაინელებმა იერიშებისთვის მოდერნიზებული საბჭოთა დრონები გამოიყენეს.

კომენტარები