მიხეილ სააკაშვილი

მელია ბრეგაძეზე: იციან, რომ ხვალ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივს, სიცრუეს ყირაზე დააყენებს

ხვალ, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი. ხვალ, ქართულ და საერთაშორისო საზოგადოებას ექნება საშუალება უკანასკნელი 7 თვის განმავლობაში პირველად იხილოს და მოუსმინოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილისა და მისი დაცვის მხარე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ კლინიკაში მისი მდგომარეობა ნაცვლად გაუმჯობესებისა, უარესდება. ითხოვდა მასთან ექიმებისა და ექსპერტების დაშვებას და ხვდებოდა ამ გზაზე წინააღმდეგობას, თუმცა ექსპერტიზა განხორციელდა – სიმართლე გაიგო მსოფლიომ და სიმართლეს ვეღარც ქართული ოცნება მალავს. მათ იციან, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილის ხილვა მათ ნარატივსა და სიცრუეს დააყენებს ყირაზე, მათ იციან, რომ საზოგადოებას ექნება სწორი რეაქცია.

სწორედ ამიტომ, 1 საათის წინ გამოდის არაერთი სიცრუისა და უკანონობის დამკანონენებელი ე.წ. იუსტიციის მინისტრი და აცხადებს, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე", როგორც წინა ჯერზე, ახლაც მოხდება გარკვეული კადრების გასაჯაროება, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი "სიმულირებს", ხელს უშლის სამართალწარმოებას და ხელს უშლის მკურნალობას. მისთვის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არის ოლიგარქის ინტერესი – არ არსებობს მისთვის სხვა საზოგადოება! თუმცა, ამასთანავე უკვე ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას სწორი რეაქცია ექნება!

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის სიტყვებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით "სიმულაციური მოქმედებები" არ შეწყდება, სამინისტრო გარკვეულ კადრებს გაასაჯაროებს.

კომენტარები