რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინაში რუსების მიზნების მიღწევა ნაკლებსავარაუდოა

რუსი ოკუპანტი უკრაინაში.
РИА Новости

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის მიერ 12 დეკემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში განხილულია კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის მიერ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ძირითადი მიზნების ხელახლა ჩამოყალიბება. პესკოვის თქმით, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონბასის და სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლების "დაცვა" იყო, მაგრამ, მისივე განმარტებით, ამ ტერიტორიების "განთავისუფლებასთან" დაკავშირებით ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. 

"პესკოვის კომენტარები რუსეთის ამჟამინდელი მინიმალური პოლიტიკური მიზნების უცვლელობას მიანიშნებს. რუსეთი, სავარაუდოდ, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებზე კონტროლის გაფართოებს კვლავ ცდილობს". – ნათქვამია ანგარიშში. 

მიუხედავად რუსეთის სტრატეგიისა, დაზვერვის შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, ოკუპანტებმა ისეთი ეფექტური დამრტყმელი ძალის შექმნა შეძლონ, რომელსაც ამ ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა ექნება.

"რუსეთის სახმელეთო ჯარები, სავარაუდოდ, ოპერატიულად მნიშვნელოვან წინსვლას მომდევნო რამდენიმე თვეში ვერ მიაღწევენ". – აცხადებენ ბრიტანეთის დაზვერვაში. 

კომენტარები