ხვიჩა კვარაცხელია

მყისიერი ლეგენდა კვარადონაზე – NEW YORK TIMES-ის სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელია

მყისიერი ლეგენდა კვარადონაზე – NEW YORK TIMES-ის სტატია ხვიჩა კვარაცხელიაზე

გთავაზობთ რორი სმიტისა და ივან ნეჩეპურენკოს მიერ დაწერილ ერთობლივ სტატიას მყისიერი ლეგენდა კვარადონაზე, რომელიც გამოცემა New York Times-ში გამოქვეყნდა და საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის ნახევარმცველს, ხვიჩა კვარაცხელიას ეძღვნება:

ბათუმი, საქართველო. იდგა იმის საშიშროება, რომ თაღებით დამშვენებული და განათებული ექსტერიერის მქონე Adjarabet Arena არ შეივსებოდა. ბოლოს და ბოლოს ბათუმი ხომ უცნაური საკურორტო ქალაქია, რომელსაც 20 000 კაციანი სტადიონი საერთოდ არ სჭირდებოდა. სტადიონის მასპინძელი გუნდი, ბათუმის დინამო მხოლოდ ნახევრის შევსებას ახერხებდა.

და, აი, აპრილის დასაწყისში ჩამოვიდა ხვიჩა კვარაცხელია.

"ქალაქი მატჩიდან მატჩამდე ცხოვრობდა, ატმოსფერო რადიკალურად შეიცვალა, ეროვნული ლიგის მატჩები ჩემპიონთა ლიგის თამაშებს დაემსგავსა, შესანიშნავი იყო". – ამბობს ტარიელ ვარშანიძე, ბათუმის დინამოს ფანკლუბის ერთ-ერთი ლიდერი.

იმ სამი თვის განმავლობაში, რომელიც კვარაცხელიამ ბათუმის რიგებში გაატარა, თამაშებზე ყველა ბილეთი იყიდებოდა. შავი ზღვის სანაპიროსკენ მომავალმა ტურისტებმა საკუთარ მარშრუტში სტადიონი ჩაამატეს. მეგობრები, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, ნაცნობები – ყველა სთხოვდა ბათუმის დინამოს გულშემატკივრებს ზედმეტ ბილეთებს, იმის მიუხედავად, რომ მათი ნაწილი არც დინამოს გულშემატკივრობდა და არც რომელიმე სხვა გუნდს.

ვარშანიძის თქმით, სტადიონზე თამაშის მსვლელობისას ბურთთან კვარაცხელიას თითოეულ შეხებას მთელი სტადიონი გულშემატკივრობდა. და ეს არა მხოლოდ ბათუმში, არამედ სხვა ქალაქებშიც ხდებოდა. 

"პრაქტიკულად, ყველა ქალაქში სტადიონები ივსებოდა. მთელ საქართველოს უნდოდა კვარაცხელიას ნახვა". – იხსენებს ბათუმის დინამოს მწრთვნელი, გიორგი გეგუჩაძე.

ასეთი ყურადღება გასაკვირი არ იყო. კვარაცხელია ბათუმში აღიარებული, ეროვნული გმირის სახელით ჩამოვიდა. მან 16 წლის ასაკში თბილისის დინამოში გაიბრწყინა, ორი წლის შემდეგ კი ეროვნული ნაკრების მაისურით ითამაშა. ფეხბურთელმა საკლუბო კარიერა რუსეთში გააგრძელა, კვარაცხელია ჯერ მოსკოვის ლოკომოტივში, ხოლო მოგვიანებით ყაზანის რუბინში თამაშობდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფეხბურთელს კონტრაქტის გაწყვეტის, ხოლო მაყურებელს საყვარელი მოთამაშის ნახვის შესაძლებლობა მიეცა.

ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ 21 წლის უინგერის სახელი საქართველოდან გაცილებით შორს გავრცელდებოდა. რამდენიმე კვირაში კვარაცხელია იტალიური ფეხბურთისა და ჩემპიონთა ლიგის ვარსკვლავი გახდა.

"ქართველი გულშემატკივარი ელოდა, რომ ის მაღალ დონეზე ითამაშებდა, მაგრამ ვერავინ წარმოიდგინდა ასეთ კარგს შედეგს ასეთ მცირე დროში". – ამბობს გეგუჩაძე.

ძალიან გაუმართლათ იმ ადამაინებს, რომლებიც Adjarabet Arena-ზე გამართულ 11 მატჩს დაესწრნენ. მათ იხილეს ფეხბურთელი, რომელმაც სულ ცოტა ხანში ევროპა აალაპარაკა.

გაგაცნობთ სტატისტიკას: ნაპოლიში 10 მილიონად გადასულმა კვარაცხელიამ სერია A-ში ხუთი გოლი გაიტანა, მისი გუნდი ჩემპიონატს ორქულიანი სხვაობით ლიდერობს. კიდევ ორი გოლი ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა. ნაპოლი მარტივად გავიდა საშიში ჯგუფიდან, რომელშიც ლივერპული და აიაქსი მოხვდა. 

ნაპოლის მწრთვნელმა კვარაცხელიას "სტრატოსფერული" უწოდა, იტალიის ნაკრებისა და მილანის ყოფილი მწრთვნელი მას "გამანადგურებელს" ეძახის, მსოფლიოს ჩემპიონისა და იტალიური ფეხბურთის ლეგენდის, ალესანდრო დელ პიეროს აზრით, "ის ევროპაში სათამაშოდ არის დაბადებული".

უდიდესი პატივი მიაგეს კვარაცხელიას ნაპოლის ფანებმა, მას კლუბის ისტორიაში უდიდესი პლეიმეიკერის საპატივცემულოდ (იგულისხმება დიეგო მარადონა) კვარადონას ეძახიან.

ყველაზე მეტყველი შეფასება ალბათ იუვენტუსის ყოფილ თავდამსხმელს, ფაბრიციო რავანელის ეკუთვნის. მას შემდეგ, რაც ნაპოლიმ მილანი დაამარცხა, რავანელიმ აღიარა, რომ კვარაცხელიათი და მილანის რაფაელ ლეაოთი მოხიბულილია: "სამყაროში მსგავსი ფეხბურთელები სულ უფრო და უფრო იშვიათად გვხვდებიან". 

ეს იშვიათობის შეგრძნება კვარაცხელიასადმი სიმპათიის საფუძველია. ის იმ მოთამაშეთა მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც თანამედროვე ფეხბურთი, თავისი ინდუსტრიალიზებული ახალგაზრდული სისტემითა და სტილისტიკური შაბლონებით აღარ აწარმოებს, ცვალებადი და ინტუიტიური, ოდნავ ინდივიდუალური, რაღაცნაირად, ველური.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მწრთვნელმა, ვინი სანიოლიმ კვარაცხელია ახალგაზრდა ფრენკ რიბერის შეადარა, მაგრამ ეს შედარებაც ზუსტი არ არის. კვარაცხელია უფრო მაღალი, ერთი შეხედვით სუსტი, რთულად კლასიფიცირებადი ფეხბურთელია. რიბერი საშიში და მიზანდასახული ფეხბურთელი იყო, რომელიც დროის დიდ ნაწილს სიღრმეში შეჭრას უთმობდა. კვარაცხელიასაც შეუძლია ამის გაკეთება, მაგრამ შეუძლია არც გააკეთოს. შეუძლია მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშოს 10 ნომრის პოზიციაზე ან შეუძლია, როგორც ეს ლაციოსთან ქნა, უგულებელყოს სამი პასი, სამ მცველს შორის პირუეტი შეასრულოს და 30 მეტრიდან კარისკენ დაარტყას. 

"მისი მთავარი ძალა მისი არაპროგნოზირებადობაა. არსებობს მრავალი სწრაფი და ტექნიკური უინგერი, მაგრამ ხვიჩა სხვა რამეს გვთავაზობს. ვფიქრობ, მსგავსი შეტევის სტილის მქონე არც ისე ბევრი მოთამაშე გვინახავს, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში. ეს ყველაფერი მისი ინსტიქტებიდან მოდის. აი, ამიტომაც არის მისი თამაშის ყურება სასიამოვნო". – ამბობს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

კობიაშვილი ასევე უარყოფს, რომ კვარაცხელია რომელიმე განგრძობადი პროცესის პროდუქტია. საქართველოს, შესაძლოა, აქვს მდიდარი თავდამსხმელი მოთამაშეების ისტორია, მაგალითისთვის, მანჩესტერ სიტისა და აიაქსის ფორვარდი გიორგი ქინქლაძე, მაგრამ კვარაცხელია, მისი აზრით, საკუთარი ნიჭის პროდუქტია.

ფედერაციის პრეზიდენტს არ ეთანხმება თბილისის დინამოს ერთ-ერთი მენეჯერი, ესპანელი ანდრეს კარასკო:

"მას აქვს გარკვეული ქართული ასპექტები. არ ნერვიულობს, თუ რამე არ გამოსდის, არ ფიქრობს ნეგატიურ შედეგებზე. ბევრი აქაური შემტევი ფეხბურთელი ასეთია, ისინი მამაცები და ოდნავ ანარქიულები არიან. კვარაცხელია უკანასკნელი არ არის, კიდევ ბევრი მისნაირი გვეყოლება".

  • NY Times-ის სრულ სტატიას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გაეცანით ამ ბმულზე.

კომენტარები