მიხეილ სააკაშვილი

ხაჭაპურიძე: უკრაინის სასამართლომ სააკაშვილის საქართველოდან გადაცემა გადაწყვიტა, დასაკითხად

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მათთვის საქართველოდან სააკაშვილის გადაცემას ითხოვენ, რათა დაკითხონ დაზარალებულის სახით, 2017 წლის მობლენებთან დაკავშირებით. 

ადვოკატმა აღნიშნა, რომ რამდენჯერმე არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო სააკაშვილის საქართველოში დაკავების შემდეგ მოპყრობის ფაქტებს განიხილავდა, თუმცა, სინამდვილეში, უკრაინის სასამართლო განიხილავს უკრაინაშივე აღძრულ საქმეს.

ხაჭაპურიძის თქმით, უკრაინის სასამართლო თხოვნას საქართველოს გადასცემს და შემდეგ გადაწყდება გაგზავნიან თუ არა სააკაშვილს უკრაინაში მოწმის სახით დასაკითხად.

"რამდენჯერმე გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს უკრაინის სასამართლო განიხილავდა საქართველოში სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. სწორი ინფორმაციაა, რომ უკრაინის სასამართლო განიხილავს და აღძრული აქვს საქმე თვითონ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. სააკაშვილი ამ საქმეზე ცნობილია დაზარალებულად, მისმა ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით და უკრაინის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქართველოდან უკრაინაში გადაცემის შესახებ, სადაც ის უნდა დაიკითხოს დაზარალებულად, უკრაინის იუსტიციის სასამართლო ამას გადაუგზავნის საქართველოს და მიიღებენ გადაწყვეტილებას გადასცემენ თუ არა მოწმის სახით სააკაშვილს".  – თქვა ჟურნალისტებთან ხაჭაპურიძემ.

ამას გარდა, მთავარი არხის ეთერში უკრაინელმა უფლებადამცველმა, ვადიმ ზავოროტინმა განმარტა, რომ გამოძიება მიმდინარეობს 2017 წლის ინციდენტზე, როდესაც უკრაინის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან პოლონეთში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამ საქმეში მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სასამართლომ დაზარალებულად ცნო.

კომენტარები