რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხარკოვში ფსიქიატრიული კლინიკა დაბომბეს, დაიღუპა პერსონალის 4 წევრი – სინეგუბოვი

რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის რაიონში ფსიქიატრიულ საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს. ინფორმაცია  ხარკოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა. 

მისი ცნობით, სოფელ სტრელეჩიაში ფსიქიატრიული საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა სამედიცინო პერსონალის 4 წევრი და დაშავდა 2 პაციენტი. 

მისევე ინფორმაციით, ოკუპანტებმა საავადმყოფო ევაკუაციის დროს დაბომბეს. 

"სამედიცინო მუშაკები ცეცხლის ქვეშ, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობდნენ ავადმყოფების გადარჩენას. შესაძლებელი გახდა 30 პაციენტის ევაკუაცია, მაგრამ დაწესებულებაში 600-ზე მეტია. ევაკუაციის დროს რუსებმა მასიური დაბომბვა დაიწყეს. წინასწარი მონაცემებით, სამწუხაროდ, დაიღუპა 4 მედპერსონალი, დაშავდა 2 პაციენტი.

გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და პატივისცემას, ეს არის გმირული ქმედებები! სამწუხაროდ, რუსები არაფერზე ჩერდებიან - ომის დამნაშავეები და ტერორისტები"- წერს სინეგუბოვი Telegram-ზე. 

სოფელი სტრელეჩია მდებარეობს რუსეთთან საზღვართან ახლოს.

კომენტარები