რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე გადაწყვეტილების გადადება არ შეიძლება

Michael Kappeler/picture-alliance/dpa/AP

გერმანულ მედიასთან ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი ტანკების გადაცემის თაობაზე მიიღება მხოლოდ მმართველი კოალიციის სამივე პარტიისა და საერთაშორისო პარტნიორების თანხმობით. თუმცა, მან ასევე დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნეს მიღებული.

"გადამწყვეტ ფაზაში, რაშიც უკრაინა იმყოფება, არ ვფიქრობ, რომ ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდი ხნით შეიძლება გადაიდოს". – თქვა ბერბოკმა.

ეკონომიკის მინისტრმა და მწვანეთა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, რობერტ ჰაბეკმა აღნიშნა, რომ მას აქვს მოლოდინი, რომ გერმანია მალე კიდევ უფრო მეტ "საჭირო იარაღს" გადასცემს უკრაინას.

გასულ კვირებში კიევი დასავლელ პარტნიორებს თანამედროვე საბრძოლო ტანკების მიწოდებისკენ მოუწოდებდა, თუმცა, გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ქრისტინ ლამბრეხტი უკრაინაში Leopard-ის ტიპის ტანკების გაგზავნაზე უარს აცხადებს. 

"უკრაინისთვის დასავლეთის მიერ წარმოებული ქვეითი საბრძოლო მანქანები ან საბრძოლო ტანკები არცერთ ქვეყანას არ მიუწოდებია ". - თქვა ლამბრეხტმა საგარეო ურთიერთობათა გერმანიის საბჭოში (DGAP) ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის პანელზე. 

აღნიშნულს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება, რომელიც აქტიურად მოუწოდებს დასავლეთს, უკრაინას კიდევ უფრო მეტი იარაღით დაეხმარონ. მისი თქმით, გერმანიის ქმედებები იმედგამაცრუებელია.

"სიგნალები გერმანიიდან იმედგამაცრუებელია, მაშინ, როდესაც უკრაინას ლეოპარდები და მარდერები ახლა ესაჭიროება, რათა გაათავისუფლოს ხალხი და დაიცვას ისინი გენოციდისგან. არ არსებობს არანაირი რაციონალური არგუმენტი, თუ რატომ არ შეიძლება ამ იარაღის მიწოდება, მხოლოდ აბსტრაქტული შიშები და გამართლებები. რა არის ის, რისიც ბერლინს ეშინია და კიევს - არა?" – თქვა კულებამ.

კომენტარები