რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტეფანიშინა: ბოლო დღეებში რუსეთი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკების განახლებას სთავაზობდა

ოლგა სტეფანშინა

უკრაინის ვიცეპრემიერის, ოლგა სტეფანიშინას თქმით, ბოლო დღეებში რუსეთი უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას დაჟინებით სთავაზობდა. ამის შესახებ სტეფანიშინმა ტელეკომპანია France 24-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"რუსეთის ოფიციალური პირების სხვადასხვა ჯგუფისგან იყო როგორც საჯარო, ასევე არასაჯარო მცდელობები. უკრაინა არასდროს დაშორებულა მოლაპარაკებებს, მაგრამ იმ დანაშაულებების სიმძიმის გათვალისწინებით, რომელიც რუსეთმა ჩვენს მიწაზე ჩაიდინა და ყოველთვიურად აგრძელებს, მოლაპარაკებების ბერკეტები განსხვავდება იმისგან, რაც თებერვალში იყო". - თქვა სტეფანიშინამ. 

ვიცეპრემიერის აზრით, რუსები მოლაპარაკებებს უკრაინული სამხედრო ძალების წინსვლის შესაჩერებლად სთავაზობენ.

"ჩვენ ამ სცენარში მონაწილეობას არ მივიღებთ. ვიმედოვნებთ, რომ პარტნიორებთან ერთად ჩვენი სამხედრო და დიპლომატიური დღის წესრიგის განხორციელებას შევძლებთ და მზად ვიქნებით მოლაპარაკებებისთვის, როდესაც უკრაინისთვის შესაფერისი მომენტი დადგება". - თქვა სტეფანიშინმა.

ოლგა სტეფანიშინას აზრით, უკრაინამ არსებული ვითარება უკრაინული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის უნდა გამოიყენოს.

"ამის შემდეგ მოლაპარაკებებისთვის მზად ვიქნებით, რომელიც დაფუძნებული იქნება არა რუსულ ულტიმატუმებზე, არამედ იმაზე, რაც არა მხოლოდ დაასრულებს ომს, არამედ ხელს შეუშლის შესაძლო ომს ჩვენს ტერიტორიაზე, როდესაც რუსეთი რეზერვების აღდგენას შეძლებს". - თქვა ვიცეპრემიერმა.

კომენტარები