რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლიტვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

Alamy Stock Photo

ლიტვამ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, კირილს უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდაჭერის გამო, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Baltic News Service-ს ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კირილი ლიტვამ არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა, ამ დრომდე ამის შესახებ საჯარო განცხადება არ გაკეთებულა.

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კირილი შავ სიაში იმის გამო შეიყვანეს, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

"პატრიარქი კირილი პუტინის უახლოესი მოკავშირე და უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და რუსეთის აგრესიაზე დადებითად საჯაროდაც არაერთხელ უსაუბრია. ის რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში უკრაინელ ხალხს პირდაპირ უწოდებს ნაცისტური რეჟიმის მონაწილეებს, რომლებიც უნდა განადგურდნენ". - წერია ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კირილს ლიტვაში შესვლა 2027 წლის 23 ივნისამდე ეკრძალება.

ლიტვამ გაზაფხულზე ევროკავშირს პატრიარქ კირილის შავ სიაში შეყვანა შესთავაზა, თუმცა, 2 ივნისს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მიიღეს რუსეთზე დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი კი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ამოიღეს.

 

კომენტარები