რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს ელჩი უკრაინაში: ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთმა პასუხი უნდა აგოს

აშშ-ს ელჩი კიევში, ბრიჯიტ ბრინკი
REUTERS/Edgar Su

უკრაინაში აშშ-ს ელჩი, ბრიჯიტ ბრინკი Twitter-ზე წერს, რომ შეთანხმებიდან ერთ დღეში ოდესის პორტზე თავდასხმისთვის რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

"კრემლი სურსათის იარაღად გამოყენებას აგრძელებს. რუსეთი პასუხისგებაში უნდა მიეცეს". - წერს ბრინკი Twitter-ზე. 

უკრაინის მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებიდან ერთ დღეში რუსეთის საჰაერო ძალებმა უკრაინის ოდესის პორტში ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

"მტერმა ოდესის საზღვაო-სავაჭრო პორტს Kalibr-ის ფრთოსანი რაკეტებით შეუტია. უკრაინის თავდაცვის საჰაერო ძალებმა 2 რაკეტის ჩამოგდება შეძლეს, 2-მა კი პორტის ინფრასტრუქტურა გაანადგურა". - წერს Telegram-ზე უკრაინის ოპერატიული სარდლობა სამხრეთი.

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". თუმცა, გუტერეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეთანხმების გაფორმების შემდეგ აღნიშნა, რომ არსებობს რისკი, რომ რუსეთი შეთანხმების პირობებს არ შეასრულებს.

"შესაძლოა, ამას რუსეთის მხრიდან პროვოკაციები მოჰყვეს, უკრაინისა და საერთაშორისო ძალისხმევის დისკრედიტაციის მცდელობები.. მაგრამ, ჩვენ [უკრაინა] გაეროს ვენდობით". - დასძინა ზელენსკიმ. 

კომენტარები