საქართველო-ევროკავშირი

საგარეო: ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის

kvira.ge

"მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის" - საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების შეფასებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა დაადასტურეს, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და საქართველო აუცილებლად გახდება ორგანიზაციის წევრი.

"ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო, რიგი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ, ავტომატურად მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ რიგი რეკომენდაციების შესრულების პირობით.

საქართველოსთვის გაწევრიანების პერსპექტივის მინიჭებით, ევროკავშირმა აღიარა საქართველო, როგორც ევროპული ქვეყანა და აღიარა ის პროგრესი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე არსებობს საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობებში. მართლაც, ეს შედეგი საქართველოსთვის მიუღწეველი იქნებოდა, რომ არა ქვეყნის მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებული რეფორმები და ძალისხმევა.

ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც საფრთხეს უქმნის დასავლურ ფასეულობათა სისტემას და ევროპის უსაფრთხოებას, რომლის განუყოფელი ნაწილიც საქართველოა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და წევრი ქვეყნების ლიდერების მხარდაჭერას ამ პროცესში. მიგვაჩნია, რომ საქართველოსთვის ეს არის ისტორიული მომენტი და ამიერიდან ევროპის კარი ცალსახად ღიაა ჩვენი ქვეყნისთვის.

საქართველო, როგორც საერთო ფასეულობების ერთგული, ევროკავშირთან ერთად გააგრძელებს რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის განხორციელებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს ევროკავშირში საბოლოო ინტეგრაციას.

საქართველო აქტიურად იმუშავებს რეკომენდაციების შესრულების მიზნით, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში მოიპოვოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი და დაიბრუნოს კუთვნილი ადგილი საერთო ევროპულ ოჯახში.

ვულოცავთ ჩვენს მეგობარ უკრაინას და მოლდოვას ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

23 ივნისს ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაცია გაითვალისწინა და უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს შემთხვევაში მხოლოდ ქვეყნის ევროპული პერსპექტივა აღიარა. 

კომენტარები