ხანდაზმულთა სახლი

უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადავიყვანთ – სააგენტო წნორის ხანდაზმულთა სახლზე

ომბუდსმენი

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, "მოხდა მყისიერი რეაგირება" სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის დასკვნაზე, რომელიც წნორის ხანდაზმულთა სახლს, სავანე ბეთელს ეხებოდა.

"ბენეფიციართა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის გათვალისწინებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება მათი უმოკლეს ვადაში ალტერნატიულ სერვისში გადაყვანასთან დაკავშირებით“, – აცხადებენ სააგენტოში.

7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა კახეთში, სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის ხანდაზმულთა სახლი, ხანდაზმულთა სავანე ბეთელი შეამოწმეს. განცხადების მიხედვით, მონიტორინგმა აჩვენა, რომ დაწესებულებაში არსებული მდგომარეობა შემაშფოთებელია და ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარულ პირობებში იმყოფებიან, მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ომბუდსმენის ცნობით, ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას, უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. ასევე, განცხადების მიხედვით, დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას. 

"ბენეფიციართან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია". - ვკითხულობთ განცხადებაში.  

სახალხო დამცველის შეფასებით:

  • ხანდაზმულთა სახლს არ აქვს ადეკვატური ინფრასტრუქტურა. აქ არის მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი, რომელიც განკუთვნილია ყველა ბენეფიციარისთვის, სველ წერტილებში კი საშინელი ანტისანიტარიაა.
  • დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ აქვს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია.
  • შემაშფოთებელ ანტისანიტარულ მდგომარეობასთან ერთად, დაწესებულებას არ აქვს წინასწარ, სპეციალისტის მიერ შედგენილი, ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული კვების მენიუ. შესაბამისად, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ვერ შეძლეს საკვების კვებითი ღირებულების შეფასება.
  • ხანდაზმულთა სახლის პერსონალს არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, კერძოდ, არ აქვთ გავლილი ხანდაზმულთა მოვლისთვის აუცილებელი ტრენინგები. ყურადსაღებია, რომ დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებულ და შესწავლილ სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით.
  • შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა მიერ, ზემოთაღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა - ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო.
  • იკვეთება ხანდაზმულთა დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.
  • შესამჩნევია ადმინისტრაციის მიმართ შიში და უნდობლობა. ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, მონიტორინგის ჯგუფთან აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს.

კომენტარები