საქართველო-ევროკავშირი

ნეჰამერი: უკრაინას კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს იმ პირობით, თუ ის სხვებსაც მიენიჭებათ

კარლ ნეჰამერი

ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა ესტონეთის პრემიერმინისტრთან, კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მხოლოდ იმ პირობით უნდა მიენიჭოს, თუკი ის სხვა განმცხადებლებსაც მიენიჭებათ. 

ნეჰამერის განმარტებით, ეს წინადადება არა მისგან, არამედ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისგან წამოვიდა. მისი თქმით, ემანუელ მაკრონმა დისკუსიისგან სამართლიანობა მოითხოვა და ასევე გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი, თურქეთის კანდიდატის სტატუსის ეტაპი, რომელიც 59 წელია, გრძელდება. 

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კალასმა ავსტრიისა და საფრანგეთის ინიციატივაზე ევროკავშირში გაწევრიანებამდე "მოსამზადებელი ზონის" შესახებ თქვა, რომ მნიშვნელოვანია, სიტუაცია არ გართულდეს. კალასის აზრით, ყველა სახელმწიფოს, რომელიც კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პრინციპებს იცავს, შანსი უნდა მიეცეს.

"ჩვენ ეს სახელმწიფოები განზე არ უნდა გავწიოთ". - თქვა კალასმა. 

3 მარტს საქართველომ, ასევე მოლდოვამაც, ევროკავშირის წევრობის განაცხადი წარადგინა, ხოლო 11 აპრილს თბილისმა მიიღო წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. კითხვარის პირველი ნაწილის შევსების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ბრიუსელში ის 2 მაისს გაგზავნა. 10 მაისს გაიგზავნა მეორე ნაწილი.

აქამდე, 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობის განაცხადი უკრაინამ წარადგინა. 

გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე 24 ივნისს გახდება ცნობილი. 

კომენტარები