რუსეთის დუმა

დუმამ რუსული მედიის მიმართ მტრულად განწყობილი ქვეყნები დაასახელა – მათ შორისაა საქართველოც

რუსეთის დუმის სპეციალური კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარიოვმა დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობით გამოირჩევიან, მათ შორის არის საქართველოც. 

პისკარევი რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების მიერ ჩარევის გამოძიების სახელმწიფო სათათბიროს კომისიის ხელმძღვანელია. დეპუტატის თქმით, ბოლო 5 წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი და რუმინეთი რუსული მედიის მიმართ ყველაზე აგრესიულად იქცევიან.

"რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ადეკვატური პასუხი ჩვენი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე".- ამბობს დეპუტატი. 

მისი თქმით, რამდენიმე წელია დასავლეთი აწარმოებს მასიურ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად.

"საუბარია, როგორც ოფიციალურ ღონისძიებებზე აკრედიტაციაზე უარის თქმაზე და საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნასა და მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე საზღვარზე დაკავებებზე და თუნდაც ჟურნალისტების დაკავებაზე და სისხლისსამართლებრივ დევნაზე მათი პროფესიული საქმიანობისთვის და კუთვნილების გამო".- ამბობს პისკარიოვი. 

კომენტარები