რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი უკრაინაზე: ევროკავშირის სრული წევრობისკენ მოკლე გზა ვერ იარსებებს

ვოლოდიმირ ზელენსკისა და ანალენა ბერბოკის შეხვედრა კიევში, 2022 წლის 10 მაისი
Florian Gaertner/photothek.de/dp

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაციის "მოკლე გზები" ვერ იარსებებს. ამის შესახებ მან უკრაინაში, კიევში გამართული ვიზიტის დროს ისაუბრა.

10 მაისს ანალენა ბერბოკი კიევში იყო და შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის. მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ უკრაინულმა მხარემ გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი არ მიიღო, ბერბოკი გახდა გერმანიის მთავრობის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ომის დაწყების შემდეგ ზელენსკის შეხვდა. 

როგორც შეხვედრის შემდეგ ბერბოკმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად "ღია, მეგობრული საუბარი" ჰქონდათ.

"საუბრის ცენტრში იყო უკრაინისთვის სამხედრო სფეროში დახმარება და რეკონსტრუქცია, ასევე, თუ როგორ უნდა გადაიჭრას უკრაინაში მსოფლიოსთვის ძალიან საჭირო საკვების ექსპორტის ბლოკადა". – თქვა ბერბოკმა.

ბერბოკის თქმით, უკრაინას შეუძლია, გერმანიის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

"ჩემი მესიჯი ცხადია: უკრაინელებს შეუძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ – არა მხოლოდ სამხედრო გზით, არა მხოლოდ დღეს". – დაწერა ბერბოკმა საკუთარ Twitter-ზე.

ამ სიტყვების გარდა, გერმანიის საგარეო საქმეთა მინსიტრმა თქვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის "მოკლე გზები" არ არსებობს.

"უკრაინა ევროპის განუყოფელი ნაწილია, ვისურვებ, რომ გამოვნახოთ ძლიერი და დამაჯერებელი პასუხი გაწევრიანების თქვენი სურვილის მიმართ – მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სრული წევრობის მოკლე გზები ვერ იარსებებს". – თქვე ბერბოკმა უკრაინელ კოლეგასთან, დმიტრო კულებასთან გამართული პრესკონფერენციის დროს.

ბერბოკმა ასევე დაამატა, რომ "ტყუილი დაპირებები" ვერ იარსებებს.

ამის მიუხედავად, ბერბოკმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. 

"როდესაც ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე. დარწმუნებული ვარ, რომ [ევროპული] კომისიის პრეზიდენტი კარგ გზას გამონახავს, რათა გზა გავუხსნათ ევროკავშირის შიდა გაღრმავებას". – თქვა ბერბოკმა და დაამატა, ასე ცხადი გახდება, რომ "უკრაინა ევროკავშირს ეკუთვნის".

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში დაუყოვნებელი გაწევრიანება მას შემდეგ მოითხოვა, რაც უკრაინას თავს რუსეთი დაესხა.

კომენტარები