რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთი პოლონეთში Challenger 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნას გეგმავს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთში Challenger 2-ის ტიპის ტანკების გაგზავნის გეგმაზე მუშაობენ, რათა პოლონეთმა T-72 ტიპის ტანკების უკრაინაში მიწოდება შეუჩერებლად განაგრძოს. Challenger 2-ის ტიპის ტანკები პოლონეთის რეზერვებს შეავსებს. 

"დიდი ბრიტანეთი Challenger 2 ტიპის ტანკების პოლონეთში გაგზავნის შესაძლებლობას იკვლევს.

მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, ისინი პოლონეთის ტერიტორიაზე განლაგდება მცირე ხნით, რათა შეივსოს "უფსკრული" უკრაინაში გაგზავნილ ტანკებსა და მათ ჩამნაცვლებლებს შორის". - ვკითხულობთ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ასევე, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული განცხადების მსგავსად, ბორის ჯონსონმა ნიუ დელიში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთი ტანკების პოლონეთში გაგზავნის გეგმას აქტიურად განიხილავს.

"ტანკების გაგზავნის გეგმაზე ამჟამად ვმუშაობთ. ასევე, ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი ქვეყნის რეზერვების შესავსებად, როგორიცაა პოლონეთი, რომელსაც უკრაინის თავდაცვის გასაზრდელად კიევში უფრო მძიმე შეიარაღების გაგზავნა სურს". - თქვა ბორის ჯონსონმა. 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბოლო დრომდე ნატოს ქვეყნები რუსეთთან პირისპირ კონფლიქტის დაწყების თავიდან არიდების მიზნით, უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების მიწოდებისგან თავს იკავებდნენ. 

ამ ეტაპზე დიდი ბრიტანეთის ტანკებისა ან ეკიპაჟების პირდაპირ უკრაინაში გაგზავნა არ იგეგმება. 

კომენტარები