მიხეილ სააკაშვილი

"კვირას დავკარგე ფეხების კონტროლი, ვერ ვიღებ საკვებს" – სააკაშვილის თავის ჯანმრთელობაზე

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში პროცესზე მისი ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა. სააკაშვილის თქმით, მას აღენიშნება მუდმივი სისუსტე, უძილობა, კვირას, 17 აპრილს კი სრულად დაკარგა ფეხების კონტროლი.

ამავე პროცესზე, სააკაშვილმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მას ექიმის დახმარება სჭირდებოდა, რის შემდეგაც იგი სასამართლო დარბაზიდან გაიყვანეს.

ექსპრეზიდენტის სიტყვას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უცვლელად გთავაზობთ:

"ახლა ვარ იმ წონაზე, რაც ვიყავი შიმშილობის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, დავიკელი სადღაც 12კგბოლო დღეების განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ ვიღებ საკვებს... კვირას დავკარგე მთლიანად ფეხების კონტროლი, ეს იწვევს მცირე ტკივილებს ხელებსა და ფეხებში, ტკივილგამაყუჩებელი ნემსებით ხდება ამის მოხსნა, რაც შემიძლია ვთქვა, რომ პრაქტიკულად ის, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნახეს და თქვეს, რომ სიტუაცია მძიმეა, მე რაც მითხრეს ექიმებმა. გორის ჰოსპიტალი ყველაფერი იყო სამკურნალო დაწესებულების გარდა, იქიდან უარესი მდგომარეობით დავბრუნდი, ვიდრე მიმიყვანეს. ეს საპატიმრო, რა თქმა უნდა, საერთოდ არაა მორგებული რაიმეს სამკურნალოდ, ეს ნათელია, მაგრამ მადლობელი ვარ ექიმების. წეღან, უბრალოდ წამერთვა... ვერ შევძლებდი სხდომის გაგრძელებას, თუ არა ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნემსის სახით[...]

ზოგადი სისუსტე - მუდმივი, მთლიანი მოშლა ძილის და ყველაფრის, რადგან ესაა პოსტტრავმული სინდრომი. ვიღებ იმავე წამლებს, დამამშვიდებლებს, რასაც ვიღებდი კოვიდის მერე, ციხეში მოხვედრამდე, პოსტ-კოვიდურ წამლებს. ახლა ნევროპათიასთან დაკავშირებული რაღაც წამალი მოვითხოვე, ასევე ვიტამინიც, რომელსაც ასევე ვიღებ. ექიმმა, ქალბატონმა თამარ აბაშიძემ, რომელიც ვივამედიდან მოვიდა და დასვა ეს დიაგნოზი, მერე ეს დიაგნოზი მოხვდა პრესაში და ამ ქალბატონის მეუღლე, რომელიც იყო ჯანდაცვის სამინისტროში დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გაათავისუფლეს, იმის გამო, რომ მან დასვა ობიექტური დიაგნოზი - ესაა რეალობა". - ამბობს სააკაშვილი.

დღეს, 20 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს განიხილავენ.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბერს, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ დააკავეს. ამ დრომდე იგი სასჯელს რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის.

კომენტარები