რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსული გაზპრომი გაზის ექსპორტს ევროპაში უკრაინის გავლით აგრძელებს

REUTERS/Dado Ruvic/Illustration

რუსული გაზის მწარმოებელი კომპანიის, გაზპრომის განცხადებით, კომპანია ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკრაინის გავლით, ევროპელი მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად აგრძელებს. 

გაზპრომის თქმით, 16 აპრილისთვის მოთხოვნა 57,2 მლნ კუბურ მეტრს შეადგენს.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარე ევროკავშირს რუსულ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს, თუმცა, შიდაუთანხმოების გამო ევროკავშირი რუსული ენერგორესურსების იმპორტის აკრძალვისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. 

რუსული გაზი ევროკავშირის მარაგების დაახლოებით 30%-ს შეადგენს. ავსტრიის კანცლერის, კარლ ნეჰამერის თქმით, ამჟამად რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტა "შეუძლებელია". ამ პოზიციას გერმანია, უნგრეთი და ბულგარეთიც იზიარებენ.


24 თებერვალს რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებას განვითარებულმა სამყარომ ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკური სანქციებით უპასუხა.

სანქციებს შორის მნიშვნელოვანია რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ძირითადი რუსული კომერციული ბანკების საერთაშორისო აქტივების გაყინვა. ასევე, რუსი შუამავლების უმეტესობა გარიცხულია SWIFT-ის სისტემიდან, რომელიც წევრ ბანკებს შორის ტრანზაქციების გასაადვილებლად გამოიყენება. პრეზიდენტი ბაიდენის განცხადებით, აშშ-მ აკრძალა რუსეთისგან ენერგორესურსების შესყიდვა, ხოლო ევროკავშირი წლის ბოლომდე იმპორტის საგრძნობლად შემცირებას გეგმავს. გარდა ამისა, აშშ-ის კონგრესმა რუსეთს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი ჩამოართვა, რათა რუსულ იმპორტზე დისკრიმინაციული ტარიფები დაწესდეს.

კომენტარები