გორის მერია

სუს: გორის მერიაში ტურიზმის სააგენტოს ბუღალტერმა 143 000-ზე მეტი ტოტალიზატორებში გადარიცხა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მთავარი ბუღალტერი დააკავეს.

"ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნული პირი,  მითითებულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, სააგენტოს კუთვნილ საბიუჯეტო სახსრებს სისტემატიურად, სხვადასხვა დანიშნულებით რიცხავდა თიბისი ბანკში და ლიბერთი ბანკში გახსნილ მის პირად საბანკო ანგარიშზე, ხოლო შემდგომ იყენებდა ინტერნეტტოტალიზატორებში.

მის მიერ მითვისებულმა, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილმა თანხის ოდენობამ შეადგინა 143 985 13 ლარი, თუმცა ინტენსიურად გრძელდება საბუღალტრო და საბანკო დოკუმენტაციის შესწავლა, რომლის დასრულების შემდეგაც მოსალოდნელია, რომ მითვისებული თანხის ოდენობა მკვეთრად გაიზარდოს" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება  სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე მიმდინარეობს. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

კომენტარები