ყოფილი იპოდრომის ტერიტორია

კალაძე: ძველ იპოდრომთან მდებარე კორტები აღდგება და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე კორტები აღდგება და მოეწყობა 3 საჩოგბურთო კორტი. აუქციონზე გამარჯვებული კომპანია ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის 8 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს და ადგილზე სხვადასხვა სახის გასართობ-დასასვენებელ სივრცესაც მოაწყობს.

"ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე, სადაც წლების წინ კორტები იყო, მოეწყობა 3 საჩოგბურთო კორტი, მათ შორის 1 ღია და 2 დახურული. ასევე, იქ იქნება 50-მეტრიანი საცურაო აუზი, ფიტნეს კლუბი, კაფე და დასასვენებელი სივრცეები. ტერიტორიის კეთილმოწყობისთვის გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა". - განაცხადა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ ყოფილ იპოდრომთან მდებარე 7 174 კვ. მეტრის მოცულობის ტერიტორია 2009 წელს გასხვისდა და იქ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენებულიყო, თუმცა თბილისის მერიამ ის კერძო მფლობელისგან 2020 წელს დაიბრუნა. კომპანია სიმეტრიას ე.წ. კორტების სანაცვლოდ საბურთალოსა და ჩუღურეთის რაიონებში უძრავი ქონება გადაეცა. 

კომენტარები