რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეცი: თბილისმა, ერევანმა, ბაქომ კრემლთან სანქციების გვერდის ავლაზე საიდუმლოდ მოილაპარაკეს

КГБ-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, ამჟამად აშშ-ს მოქალაქისა და ჟურნალისტის, იური შვეცის ბრალდებით, რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, საქართველომ, აზერბაიჯანმა და სომხეთმა, კრემლთან აწარმოეს საიდუმლო მოლაპარაკებები, რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის მოსკოვის მიერ გვერდის ავლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ იური შვეცმა საკუთარ YouTube-ის არხზე ისაუბრა. 

"რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის, ასე ვთქვათ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მყოფმა ახალმა დამოუკიდებელმა ქვეყნებმა, საიდუმლოდ აწარმოეს მოლაპარაკებები კრემლთან, მოსკოვთან და შეთანხმდნენ დახმარებოდნენ მოსკოვს ბოლო კვირაში დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში. ამ ქვეყნებს შორის არის საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი. ამ ქვეყნებთან ერთად არიან თურქეთი და ირანიც", – ამბობს შვეცი. 

"საუბარია იმაზე, რომ, მაგალითად, თბილისი გახდეს რუსეთიდან საჰაერო გადატვირთების ჰაბი. სხვა ქვეყნებიდან და უკან. ანუ აქ დასხდებიან საქონლით დატვირთული რუსული თვითმფრინავები, გადაკრავენ სხვადასხვა იარლიყებს, გაუკეთებენ ახალ ბეჭდებს და რუსეთში წარმოებული საქონელი იქნება [გაფორმებული], როგორც საქართველოში დამზადებული საქონელი", – დაამატა შვეცმა.

შვეცის თქმით, ეს ქვეყნები შესაძლოა რუსეთთან ერთად დაისაჯონ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობისთვის. 

"მაგალითი შემიძლია მოვიყვანო. საქმე უკვე სრული სვლით მიმდინარეობს. ბოლო 2 დღეში, გასულ კვირაში საქართველოში დარეგისტრირდა დაახლოებით 200 რუსული კომპანია, რომლებიც ამ ოპერაციაში მონაწილეობას გეგმავენ", – ამბობს შვეცი. 

КГБ-ს ყოფილი მაიორი ნახსენები ქვეყნების მთავრობებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შვეცის თქმით, კრემლი მზადაა მსგავსი პროექტების სანაცვლოდ ამ ქვეყნების მაღალჩინოსნებს დიდი თანხები გადაუხადოს.

რუსეთის ფედერაციას რიგი სანქციები უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაუწესეს. 

კომენტარები