ყაველაშვილი რაგბის მატჩზე: გუნდი სტუმარია, ღირსება არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში

მიხეილ ყაველაშვილი

"ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხარტება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია". – ამბობს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ვაჟა-ფშაველას "სტუმარ-მასპინძელს" იშველიებს.

"სტუმარ-მასპინძელზე" ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება. ეს პროვოკაციული ნაწილი, რომელიც პირდაპირ მინდა დავარქვა, არის ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთა, მათ მივმართავდი, რომ სარაგბო მატჩზე კი არ მოახდინონ პროვოკაცია, კახეთის გზატკეცილზე მივიდნენ და საკუთარ ლიდერებს მოსთხოვონ პასუხი რეზოლუციაზე, 2008 წელს ხელი რომ მოაწერეს და საკუთარი სამხედროები დაადანაშაულეს ომის დაწყებაში და კასეტური ბომბების ჩამოგდებაში". – ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

22 თებერვალს ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ თქვა, რომ საქართველო-რუსეთის მატჩზე ევროპელები და მათი მხარდამჭერები რუსეთის ჰიმნს უკრაინის დროშებით უპასუხებენ – პარტია უკრაინის მხარდასაჭერად მატჩის დაწყებამდე დროშების დარიგებას გეგმავს.

უკრაინის მხარდასაჭერად საზოგადოებას მატჩზე დროშებით მისვლისკენ მოუწოდა სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილიამაც

საქართველო-რუსეთის მატჩი, 27 თებერვალს, დინამო არენაზე, 18:00 საათზე გაიმართება.  

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში, 2013 წლიდან დღემდე ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს 13-ჯერ შეხვდნენ, ყველა შეხვედრა ქართველი რაგბისტების გამარჯვებით დასრულდა.

კომენტარები