გარევაჭრობის აკრძალვა

კალაძე გარემოვაჭრეებს: შიგნით მომუშავეები დალხენილები არიან? მაგრამ კანონმორჩილები არიან

კახა კალაძე
თბილისის მერია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის აკრძალვას თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა გარემოვაჭრის მდგომარეობაში შედის, თუმცა ტროტუარებზე ვაჭრობას არ დაუშვებს. 

მისი თქმით, იმ მოვაჭრეებს, რომლებიც ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქმიანობდნენ, ბაზრობაზე საქმიანობის საშუალება ეძლევათ.

"არ იფიქროთ, რომ ჩვენ არ გვესმის და ვერ ვხედავდეთ იმ გაჭირვებას, იმ სოციალურ პრობლემებს, რომელიც ზოგადად ქვეყანაშია და ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს. ძალიან კარგად მესმის ყველასი, შევდივარ ყველას მდგომარეობაში, ყველაფერს ვითვალისწინებ, აბსოლუტურად მესმის, მაგრამ ამ საქმიანობის წარმოება, გარევაჭრობა დაუშვებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდ დისკომფორტს ვუქმნით სხვა ადამიანებს. არავინ არ გიშლით თქვენ ამ საქმიანობის გაწევას, არავინ არ გიშლით აკეთოთ ის, რასაც აკეთებდით, მაგრამ ყველაფერი ცივილურ ფორმაში უნდა მოხდეს. არის ბაზრობა, ბაზრობის ტერიტორია.

თქვენ როგორ ფიქრობთ, ბაზრობის შიგნით მომუშავე ადამიანები დალხენილები არიან? მათ არ უჭირთ? ტყუილად დგანან ყოველდღიურად იმისათვის, რომ ლუკმაპური შეიტანონ თავიანთ ოჯახში? რა თქმა უნდა, მათაც უჭირთ, მაგრამ კანონმორჩილი ადამიანები არიან და კარგად ესმით, რომ გარეთ ვაჭრობა არ შეიძლება და ყველაფერი ერთად - ტანსაცმელი, საკვები პროდუქტები, ყველი, ხორცი, ტროტუარზე დაწყობილი იყიდებოდეს. ეს ნორმალურია? ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ვერ იქნება და არ იქნება დაშვებული".- თქვა კალაძემ. 

17 თებერვალს, ღამით, მეტროსადგურ ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. დილით ადგილზე მისულ მოქალაქეებს დახლების ხელახლა დადგმის უფლება არ მისცეს.

ვარკეთილის მეტროსადგურთან გარე ვაჭრობის აკრძალვაზე კახა კალაძემ 26 იანვარს ისაუბრა. კალაძემ თქვა, რომ "ძალიან ბევრი ზარი და შეტყობინება შემოვიდა იმასთან დაკაშირებით, რომ  მეტროსადგურ ვარკეთილის ტერიტორიაზე ფეხით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენს". 

 

კომენტარები