დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

ზელენსკი: მზად ვართ მშვიდობისთვის რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებაზე, მათ არ სურთ

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობის აღდგენისთვის რუსეთთან ნებისმიერი ფორმატის მოლაპარაკებებზე, თუმცა აღნიშნა, რომ ეს რუსეთს არ სურს.

"როცა რუსეთი საჯაროდ ამბობს, რომ მზადაა ისაუბროს დეესკალაციაზე, მზადაა ისაუბროს ორმხრივ ურთიერთიბაზე, ამის შემდეგ, რუსეთს, ყოველ ჯერზე, მივმართავთ თხოვნით, რომ ეს შეხვედრა რამენაირ ფორმატში შესგეს. თუმცა საჯარო პოზიციის გარდა, რეალურად ისინი არ არიან მზად ჩვენთან ურთიერთობისთვის, მათ არ სურთ", – თქვა ზელენსკიმ.

"მე მზად ვარ ნებისმიერი ფორმატისთვის", – დაამატა მან.

ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ უკრაინა, საზღვრებთან დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან საუბარს ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

"უკრაინას უპასუხოდ არ ტოვებენ, თუმცა ამ პასუხს შეხვედრამდე არ მივყავართ. სატელეფონო საუბარსაც არავინ ამტკიცებს", - თქვა ზელენსკიმ.

ამას გარდა, უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დაინტერესებულია შეხვედრების გამართვის სხვა ქვეყნების მიერ ინიცირებით.

"დაინტერესებული ვართ. არც ერთ იმ ქვეყანას ვეტყოდი უარს, რომელიც შემოგვთავაზებდა. მეტიც, ჩვენ თავად ვთავაზობდით ზოგიერთ ქვეყანას. ჩვენ დაინტერესებული ვიყავით რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა ფორმატის საუბრებით", - თქვა ზელენსკიმ შეხვედრების სხვა ქვეყნების მიერ გამართვის შესაძლებლობის შესახებ.

უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. უკრაინელი სამხედროები საბრძოლო ზმადყოფნაში არიან, თუმცა პროვოკაციებს პასუხს ამ დრომდე არ სცემენ

УНІАН-ის ინფორმაციით, მთელი გასული ღამის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სიმშვიდე 29-ჯერ დაარღვიეს. შედეგად დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. უკრაინული მხარის ცნობით, 29-დან 27 შემთხვევაში რუსეთის მარიონეტულმა ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით გახსნეს. 

პარალელურად, კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინას პროვოკაციებში ადანაშაულებს, რუსულმა სამთავრობო მედიამ კი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო.

პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.

კომენტარები