უკრაინაში დაძაბულობის გამწვავებას ევროპის საბჭოს ლიდერები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ:
უკიდურესად შეშფოთებულები ვართ უკრაინის გარშემო არსებული მაღალი დაძაბულობით. შეშფოთებულები ვართ ჩვენს კონტინენტზე, ჩვენს წევრ სახელმწიფოებს შორის მსხვილი კონფლიქტის შესაძლებლობით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ სახელმწიფოს გააორმაგოს თავისი ძალისხმევა მდგომარეობის გამწვავების და შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან არიდებისთვის. მოვუწოდებთ მოქმედებების და რიტორიკის დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ და დიალოგში ჩართვისკენ. დიალოგი უნდა დაფუძნებული უნდა იყოს და პატივი სცეს ევროპის საბჭოს წესდებას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციას. ევროპული საბჭოს ყველა წევრი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს, დაიცვას და გაატაროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია.
უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობის პარალელურად, აღმოსავლეთ უკრაინაში მოვლენები მწვავდება. დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. უკრაინელი სამხედროები საბრძოლო ზმადყოფნაში არიან, თუმცა პროვოკაციებს პასუხს ამ დრომდე არ სცემენ.
УНІАН-ის ინფორმაციით, მთელი გასული ღამის განმავლობაში პრორუსმა სეპარატისტებმა სიმშვიდე 29-ჯერ დაარღვიეს. შედეგად დაიჭრა ერთი უკრაინელი სამხედრო. უკრაინული მხარის ცნობით, 29-დან 27 შემთხვევაში რუსეთის მარიონეტულმა ძალებმა ცეცხლი მინსკის შეთანხმებით აკრძალული იარაღით გახსნეს. კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი უკრაინას პროვოკაციებში ადანაშაულებს, რუსულმა სამთავრობო მედიამ კი პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო.
პარალელურად, აშშ-ს თავდაცვის მდივანის, ლოიდ ოსტინის თქმით, რუსი სამხედროების ნაწილი, გასვლის ნაცვლად, უკრაინის საზღვრებს უფრო უახლოვდებიან და სისხლის მარაგებს ავსებენ.