სასამართლო სისტემა

საკანონმდებლო ცვლილებები, მოსამართლეთა დანიშვნა, პოლიტიკური საქმეები – GDI-ის 2021 წლის ანგარიში

GDI

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) სასამართლო სისტემის შესახებ 2021 წლის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში განხილულია მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები, პოლიტიკურად მოტივირებული და სხვა გახმაურებული საქმეები, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, საერთო სასამართლოებსა და საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევასთან დაკავშირებული საკითხები.

"2021 წელი გამორჩეული იყო სასამართლო სისტემაში საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით. პირველ აპრილიდან ცვლილებები შევიდა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში, რომელიც მმართველმა პარტიამ ოპოზიციონერი კოლეგების მონაწილეობის გარეშე მიიღო და, რომელიც კვლავაც არასრულად ასახავდა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და რჩევებს. ხოლო წლის ბოლოს ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით საერთოდ ეჭვქვეშ დააყენა მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის საკითხი და სისტემაში განსხვავებული აზრის არსებობის შესაძლებლობა. ამავე წელს შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა, რაც, თავის მხრივ, დროში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს დაემთხვა და კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფი იუსტიციის საბჭოში არსებული გავლენის გარანტირებულად შენარჩუნებას ცდილობდა პოლიტიკური გარემოს შესაძლო ცვლილების ფონზე". – ნათქვამია ანგარიშში.

GDI-ის ანგარიშში საუბარია 2021 წელს სასამართლოს მიერ გახმაურებულ საქმეებზეც, მათ შორის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის, ნიკა გვარამიასა და დავით კეზერაშვილის საქმეებზე, რომლებსაც ორგანიზაცია პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებს.

"2021 წელს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეცვალა პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დავით კეზერაშვილის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება. გასული წელი გამონაკლისი არ ყოფილა არც სამოქალაქო აქტივისტთა დაკავებებისა და მათთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდების კუთხით. კითხვის ნიშნებს აჩენდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესსა და შედეგებთან დაკავშირებით წარმოებული სასამართლო დავები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიები თუ სადამკვირვებლო ორგანიზაციები არაერთ დარღვევაზე მიუთითებდნენ და საზოგადოებასაც შესაძლებლობა ჰქონდა, თავად ეხილა გადაცდომების დამადასტურებელი კადრები, სამართალწარმოების ფარგლებში ფაქტობრივად არცერთი სარჩელი არ დაკმაყოფილებულა". – ნათქვამია ანგარიშში.

სასამართლო სისტემის შესახებ 2021 წლის ანგარიშში წარმოდგენილია შემდეგი ძირითადი მიგნებები:

  • 2021 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა არსებითად შეიცვალა, იგი 6-მა მოსამართლე და საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულმა 5-მა არამოსამართლე წევრმა დატოვა. ამ უკანასკნელთა ვაკანტური ადგილის შესავსებად კი საკანონმდებლო ორგანოში ამ დრომდე არ დაწყებულა შერჩევის პროცედურა. რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციამ განაგრძო წარსული მანკიერი პრაქტიკა და იუსტიციის საბჭოს ახალი წევრები კანდიდატთა მიერ თავიანთი ხედვების წარმოდგენის გარეშე, "ბრმად" აირჩია;
  • საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2021 წელს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი 3 კონკურსი დაიწყო (მათგან 2 დაასრულა), 6-ჯერ დააინიცირა სასამართლოში მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხი და, ასევე, დაასრულა 2020 წლის შემოდგომაზე დაწყებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის 3 პროცესი;
  • 2021 წელს, საქართველოს იუსტიციის საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობასა და ორგანიზებულობასთან დაკავშირებით პრობლემები კვლავ შეინიშნებოდა. ამასთან, იუსტიციის საბჭოს სხდომები და დღის წესრიგები კვლავაც კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, უმრავლეს შემთხვევაში სხდომის წინა დღეს ქვეყნდებოდა;
  • კვლავაც გამოწვევად რჩება პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. სასამართლო პროცესების წარმართვისა და უშუალოდ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური კითხვები. 2021 წელს სასამართლომ უცვლელად შეინარჩუნა სამოქალაქო აქტივისტების მიმართ წარმოებული საქმეების განხილვის პრაქტიკა, რაც სანქციის სახით საპატიმრო სასჯელებისა და გაზრდილი ფულადი ჯარიმების აქტიურ გამოყენებაში გამოიხატება;
  • გაუგებრობა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა. გაჩნდა შთაბეჭდილება, რომ საკადრო გადანაცვლებამ და ბოლო წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებულ "კლანთან" დაახლოებული ახალი მოსამართლეების დანიშვნამ გავლენა იქონია საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე;
  • 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან თანამშრომლობით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 11 ახალი მოსამართლე აირჩია, რომელთა შორისაც კვლავაც მოსამართლეთა "კლანის" წარმომადგენლები/აფილირებული პირები არიან;
  • 2021 წელს ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად მოსამართლეთა მცირე ნაწილმა მოსამართლეთა "კლანისგან" განსხვავებული აზრი საჯაროდ დააფიქსირა. კერძოდ, გაემიჯნა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელშიც "კლანი" საერთაშორისო პარტნიორებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებდა;
  • საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 30 დეკემბერს, მხარი დაუჭირა მართლმსაჯულების სისტემის დამაზიანებელი, მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შემზღუდავი ცვლილებების განხორციელებას საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში;
  • საარჩევნო დავების განხილვისას საერთო სასამართლოების ორივე ინსტანციამ უმეტეს შემთხვევაში არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნები კენჭისყრის შედეგების გადასინჯვის შესახებ. კვლავ გამოწვევად დარჩა აქტივისტების წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გამოყენების მანკიერი პრაქტიკა და პროკურატურასთან ერთად სასამართლოს პოლიტიკური მართლმსაჯულების იარაღად გამოყენების შემთხვევები.

კომენტარები